1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი”
„დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი”

„დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი”

1.91K
0

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ (ავტორი – რობერტ კლარკი). მასალაში განხილულია უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე გაყინულია. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ხელ-ფეხი ეხსნება უფრო თავისუფლად იმოქმედოს და აღმოსავლეთ ევროპაზე ძველი საბჭოურ-იმპერიული გავლენა აღადგინოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შარშანდელ და წლევანდელ იანვარს თუ ერთმანეთს შევადარებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას დავინახავთ. ერთი წლის წინ დასავლეთში დიდი ამაღლებული განწყობა და ოპტიმისტური განცხადებები დომინირებდა, ყველას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა წარმატებით შეძლებდა რუსეთის შეტევის მოგერიებას და ბარბაროს ვლადიმერ პუტინს თავისი გეგმების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცემოდა.

მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში და დასავლეთში იმედგაცრუება და გულგატეხილობა შეინიშნება. უკრაინის არმიამ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზანს და როცა მისი წარუმატებლობა აშკარად გამოჩნდა, დასავლეთის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა: ვაშინგტონელ და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს ეჭვი შეეპარათ – ხომ არ იყრება წყალში მათი დახმარება და შეძლებს კი უკრაინა რუსეთის დამარცხებას? ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, რაც დასავლეთს საკმაოდ ძვირი უჯდება. 2023 წლის დეკემბრისათვის უკრაინამ ამერიკისაგან და ევროკავშირის ქვეყნებისაგან 230 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით. კიევის უმსხვილესი დონორები გახდნენ აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები.

ბოლო დრომდე დაფინანსების პროცესი მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობდა კონსენსუსის წყალობით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა გასული წლის ბოლოს, როცა ამერიკელი კონგრესმენები, უმეტესად რესპუბლიკელები, თეთრ სახლს „აუჯანყდნენ“ და ჯო ბაიდენს მოსთხოვეს, რომ უკრაინის დახმარებასთან ერთად, თანხები შიდა პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოყოფილიყო. კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, უკრაინა ჯერ-ჯერობით აშშ-ის დახმარების გარეშეა დარჩენილი. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც ვლადიმერ პუტინის აპოლოგეტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის დასახმარებელი ოთხწლიანი გეგმის პაკეტი დაბლოკა, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მაშინ როცა რუსეთი თავის დაბალტექნოლოგიურ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აძლიერებს და თითქმის მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს, დასავლეთი ვერ ახერხებს თავისი დაპირებების შესრულებას. მაგალითად, უკრაინას ამჟამად ჰაერივით ჭირდება 155-მილიმეტრიანი ჭურვები, რომელიც, ბრიუსელის დაპირებით, მარტის თვისათვის მზად ერთი მილიონი ცალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტამდე მხოლოდ თვენახევარიღაა დარჩენილი, ჯურვები კი მხოლოდ ჯერ-ჯერობით 300 ათასი ცალია წარმოებული.

როგორც ჩანს, დასავლური სამხედრო კომპანიების უუნარობა სამხედრო დაკვეთების დროულად შესრულების საკითხში განპირობებულია 1990-იანი წლების პოლიტიკური დივიდენდებით, როცა საბჭოთა მუქარა გაქრა და დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა, პარალელურად კი ყურადღება მოადუნა სამხედრო სფეროს განვითარება-განმტკიცებისადმი.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამ ბევრი გამოაფხიზლა. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის დროს ევროპისადმი (და ნატოს მიმართაც) სკეპტიკურად იყო განწყობილი და ევროპელი მოკავშირეებისაგან სამხედრო ხარჯების გადიდებას ითხოვდა. ალბათ, თუ დონალდ ტრამპი მართლაც ისევ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს გამოფხიზლება მოუწევს.

როგორც ჩანს, უნგრეთის ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უკრაინისადმი დახმარების პროექტი მხარდაჭერილი იქნება. ვაშინგტონში არსებული სიტუაცია კი მყიფეა: არავინ არ იცის, რომლები დაიხევენ უკან უკრაინის დახმარების საკითხში – დემოკრატები და რესპუბლიკელები.

ახლო აღმოსავლეთში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციის კვალობაზე, 2024 წლის განმავლობაშიც დასავლეთის ყურადღება უფრო მეტად ისრაელზე და ჩინეთზე იქნება გადატანილი, მაგრამ დასავლეთი ზალიან წააგებს, თუ უკრაინას არ დაეხმარება.

დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გადაიარაღებისა და რეინდუსტრიალიზაციის პროცესი და ხელახლა ისწავლოს ალიანსების შექმნისა და აგრესორების შეკავების ხელობა. და თუ ამას ვერ მოახერხებს, თუ უუნარობას გამოიჩენს, ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს ხელში ევროპის გასაღები ჩაუვარდება თავისი მზარდი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად.

წყარო