ჩვენ არ გვეშინია ომის – ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს -“ჰეზბოლას” ლიდერი
რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
“მსგავსი რამ პირველად მოხდა 2006 წლის შემდეგ. ეს სახიფათოა”, – აღნიშნა რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
“ჩვენ არ გვეშინია ომის. ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაუჯდება [ნებისმიერს]”, – განაცხადა ჰასან ნასრალამ.
მისი თქმით, თუ ისრაელი ომს დაიწყებს ლიბანის წინააღმდეგ, “ჰეზბოლას” ბრძოლას არ ექნება წესები.
2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.