ჩვენთან მიმართებით, ევროპა სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა – მეუფე იაკობი
„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა“, – განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, ევროპაზე კი ის გულნატკენია.
„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი. ევროპა ჩვენთან მიმართებაში მართალი რომ იყოს, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმად პატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10 მაინც დაწერდა საერთო წერილს, იტყოდა, რომ იქნება ერთად დავსხდეთ და ისე დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის გარდა სხვისი მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის ბოლომდე გამოიყენეს ჩვენებმა, თუ მათ.
დღეს ევროპამ გვაჩვენა, რომ ერთი ქვეყანაც არ აღმოჩნდა, რომელიც მყარად დადგებოდა, ჩვენც რომ მიგვეღო [სტატუსი]. ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია. სულხან-საბასგან დაწყებული, ერთხელ ვერ ვნახე ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, მას სურს, რომ ჩვენ წესიერი ქვეყანა გავხდეთ, კანონი კანონობდეს და ძლიერი ჯარი გვყავდეს.
„უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? – იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან. ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს“,- აცხადებს მეუფე იაკობი.