1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ – Kronen Zeitung
„საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ – Kronen Zeitung

„საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ – Kronen Zeitung

887
0

„საქართველოს ქალაქების ქუჩებში არამარტო მიუსაფარი ძაღლები დახეტიალობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც მშობლებისა და მზრუნველების გარეშე არიან დარჩენილები, განსაკუთრებით თბილისში, 1,4 მილიონი მცხოვრებით. „ქუჩის უპატრონო ბავშვები“ – როგორც მათ უწოდებენ – ხელისუფლებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობა ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამ საქმეში ჩართულია ავსტრიული საქველმოქმედო ორგანიზაციაც World Vision Austria (WVÖ), რომლის ახალგაზრდული ცენტრი ბევრ „უპატრონო პატარას“ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ მოზარდ ბავშვებს ეხმარება. „კრონენ ცაიტუნგის“ ჟურნალისტს შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა „თბილისელ ქუჩის ბავშვებს“, რომლებიც World Vision Austria-ს მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან სებასტიან კორტისთან ესაუბრა“ – ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „კრონენ ცაიტუნგში“ (Kronen Zeitung) 22 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ (ავტორი – მათიას ლასნიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

9 წლის ბორისი ფეხბურთზეა შეყვარებული – იგი ჩემს თვალწინ ბურთით უამრავ ფინტს აკეთებს. „მე ძალიან მომწონს ნეიმარ ჟუნიორის თამაში, მას ხშირად ვბაძავ, მაგრამ ჩვენს „კვარადონას“ ყველაზე მაგარ ფეხბურთელად ვთვლი“, – ამბობს ბორისი.

„კვარადონა“ – ეს ის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც იტალიის „ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბში თამაშობს და რომელმაც ვეზუვის ძირში მდებარე ქალაქს ძველი სპორტული დიდება დაუბრუნა. ნეაპოლში ხვიჩას „კვარადონა“ იმიტომ შეარქვეს, რომ ჯერ ერთი – მისი გვარი იტალიურად ძნელი წარმოსათქმელია და მეორე – იგი ჰგავს „ფეხბურთის მეფეს“ – არგენტინელ დიეგო მარადონას.

ბორისი სპორტულ მოედანზე სკოლიდან მოდის, გაკვეთილების შემდეგ და თითქმის საღამომდე რჩება, შემდეგ სახლში მიდის, მშობლებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე, მთელი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობენ და მცირე ხელფასს იღებენ. შედარებისათვის: თბილისში მაღაზიის თანამშრომელი თვეში ხელფასის სახით 100 ევროს იღებს, ხოლო უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებული ექიმი-სტომატოლოგი – თვეში 500 ევროს.

ახალგაზრდული ცენტრი ისეთ შენობაშია, რომელიც ეტყობა, ადრე ლამაზი იყო, მაგრამ დღეისათვის გარეგნულად ისეთ მდგომარეობაშია, რომ აშკარად მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გადატანილი. ავსტრიაში ასეთ შენობას, ალბათ, ქოხმახს თუ ვუწოდებთ, თუმცა შიგნით რომ შევალთ, სულ სხვა სურათის მოწმენი ვხდებით – ოთახები და სათავსოები ძალიან კარგად არის მოწყობილი, სითბო და სიყვარული სუფევს… სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სუნი მოდის.

ვესაუბრები 23 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია), რომელიც ბავშვობაში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქუჩაში იზრდებოდა, შემდეგ კი ამ ახალგაზრდულ ცენტრში მოხვდა. აქაური აღმზრდელების დახმარებით გიორგიმ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. დღეს იგი IT-სპეციალისტი და თავის საქმის პროფესიონალია, მაგრამ ახალგაზრდულ ცენტრს არ ივიწყებს.

ინტერვიუ სებასტიან კორტისთან, World Vision Austria-ს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე ჰყვება.

– ჰერ კორტი, რას იტყოდით საქართველოზე – რა უჭირს და რა ულხინს ამ კავკასიურ ქვეყანას და ხალხს?

– როგორც მე ვაკვირდები და ვხედავ, საქართველო ვითარდება და მიზანმიმართულად არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრირებისათვის, მაგრამ წლები უნდა გავიდეს, რომ ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწიოს, როგორიც ჩვენ ავსტრიაში გვაქვს. საქართველო იმიტომ არის ასეთ მდგომარეობაში, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა ხელისუფლებისაგან დაზარალდა. ქართველებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომელიც არასტაბილურია და მეზობლებიც ერთმანეთთან მტრულად არიან განწყობილნი. აქ ცხოვრება მუდმივი გამოწვევის პირობებში ყოფნას ნიშნავს. სიღარიბის დონე ძალიან მაღალია – მოსახლეობის დაახლოებით 20% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს თქვენს ორგანიზაციასთან?

– ჩვენი გუნდის მუშაობა ისეთია, რომ კარი ყველა გაჭირვებულის დასახმარებლად ღია გვაქვს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ჩემი კოლეგები მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას, ისინი საკუთარი საქმეში კომპეტენტურები არიან. რა თქმა უნდა, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების გარდა, ისინი სუფთა ადამიანურ თბილ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ, სურთ, რომ დამატებით რაღაც კარგი საქმე გააკეთონ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო და ურთიერთნდობაზე დამყარებული დამოკიდებულება გვაქვს.

– საქართველოში, მწარე სიღარიბის გარდა, ალბათ, არის პოზიტიურიც… მაგალითად, ტურიზმი…

– დიახ, საქართველო უკვე მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება, თუმცა ავსტრიელები ამ ქვეყანას ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. საქართველოში ბევრია ისტორიული ძეგლები, მოსახლეობა ამაყობს თავისი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნით და აქაური ხელშეუხებელი ბუნებით – მოგზაურებს სწორედ ასეთი ქვეყნები იზიდავს. ჩვენ გარკვეულ კავშირებს ვამყარებთ ავსტრიულ კომპანიებთან, შევქმენით სპეციალური პროგრამა მობილური ტელეფონებისათვის სხვადასხვა ენებზე, რომელიც ქვეყანას ახალ პერსპექტივებს უმზადებს.

წყარო