“ლელო” პარლამენტში განსახილველად შეიტანს “საქართველოს დაცვის აქტს”, 9-პუნქტიან გეგმას -მამუკა ხაზარაძე
ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, დროა, მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება
დღეს საქართველოში კრიზისია, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მაღალი ფასების გამო ვეღარ ინახავენ საკუთარ ოჯახებს, ვერ შოულობენ სამუშაო ადგილებს და ამის გამო ტოვებენ ქვეყანას, მაგრამ უმთავრესად ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მთავრობა მუდმივად წინ აყენებს რუსეთს.
„სწორედ საქართველოს მთავრობამ დასვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. სწორედ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა გაეტანა „რუსული კანონი“, რომ ჩვენი ხალხი დაედუმებინა. მათ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და აღადგინეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, რითაც ხელი შეუწყვეს რუსების შემოსევას საქართველოში. რუსები დღეს თავისუფლად ყიდულობენ ჩვენს მიწას, იტაცებენ სამუშაო ადგილებს, ავითარებენ რუსულ ბიზნესებს, ხელს უწყობენ ფასების ზრდას. „ქართული ოცნება“ აკეთებს ფულს მოსკოვში, იღებს რჩევებს პუტინისგან და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ მოემსახუროს ქართველ ხალხს. „ლელოში“ ჩვენ გვჯერა, რომ დროა, მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს „ლელო“ აცხადებს ცხრაპუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი – საქართველოში რუსეთისა და რუსების გავლენის დასრულების მიზნით, იმისათვის რომ საქართველოს ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ხვალ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში“.
„საქართველოს დაცვის აქტი“ მოიცავს 9 მთავარ ნაბიჯს.
1. სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისათვის – საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოკუპანტები პრაქტიკულად იგივე უფლებებით სარგებლობენ რითაც ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ღია ტურისტებისთვის და არა ოკუპანტებისთვის.
2. დასაქმების ბაზრის დაცვა. დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მეორე პუქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისათვის მუშაობის უფლების მიცემას.
3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა. არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს შემოვიდეს და თავისუფლად იყიდოს ჩვენი მიწები. შესაბამისად, „საქართვეკის დაცვის აქტის“ მესამე პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.
4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა. „საქართველოს დაცვის აქტი“ აკრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლას. ასეთი კანონმდებლობა უკვე მოქმედებს ევროკავშირის ბევრ ქვეყნაში.
5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული არ უნდა აღმოჩნდეს რუსების ჯიბეში. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტი“ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავს. დროა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსების გამდიდრება. ლელოს უნდა, რომ საქართველოს ფული ქართველების ჯიბეში მიდიოდეს.
6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. ჩვენ გვსურს ყველა მუნიციპალიტეტში დავაწესოთ ,,საოკუპაციო მოსაკრებელი“ ეს იქნება მოსაკრებელი, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ რუსულ ბიზნესს მოუწევს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.
7. ფრენების აკრძალვა. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რადგან ეს ფრენები ემსახურება რუსეთის მოქალაქეების კომფორტს და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან.
8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა. აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა საქართველოში.
9. რუსული ფონდების აკრძალვა. აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან. „საქართველოს დაცვის აქტი“ სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება „ლელო“ საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პრო-რუსული ხელისუფლება! კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა! დროა მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება“, – განაცხადა ხაზარაძემ.