1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი”-“ამერიკის ხმა”
“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი”-“ამერიკის ხმა”

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი”-“ამერიკის ხმა”

165
0

ამერიკულმა სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი“. მასში გადმოცემულია დასავლელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების პოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი კვლავ ამბობენ, რომ იმედი აქვთ, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ქვეყნის პროგრესს სათანადოდ შეაფასებს.

სტატუსის მოპოვება მთავრობის ძალისხმევით თუ მის მიუხედავად – ანალიტიკოსების ნაწილი ვაშინგტონში ფიქრობს, რომ მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციები არ შეუსრულებია. მისი ბოლოდროინდელი ქმედებები კი, როგორიც უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიცირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მათი აზრით, მხოლოდ აშორებს თბილისს იმ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს ურყევად სურს. ეს კი ექსპერტების შეფასებით, თბილისს რუსული აგრესიის მიმართ კიდევ უფრო მეტად ასუსტებს და დაუცველს ხდის.
„მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს პრემიერი გასულ კვირაში ბრიუსელშიც ჩავიდა და იქ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კომისარს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ აისახება და ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

ვაშინგტონში ანალიტიკოსები ამ ოპტიმისტურ სენტიმენტს იზიარებენ, თუმცა – მხოლოდ ნაწილობრივ. რეგიონის მკვლევრები, ყოფილი დიპლომატები ხაზგასმით იმეორებენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ განმარტავენ, რომ ეს არა „ქართული ოცნების“ მთავრობის დამსახურებით, არამედ პირიქით, ლამის მისი ნაბიჯების მიუხედავადაც კი უნდა მოხდეს. მათი აზრით, მმართველი გუნდის ქმედებები ისე გამოიყურება, თითქოს ის ქართველი ხალხის ეევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდაც კი მუშაობს. ერთ-ერთ ასეთ თვალშისაცემ გადაწყვეტილებად ანალიტიკოსები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ძნელია ეს პროცესი დასავლეთიდან არ იყოს აღქმული ისე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის პოზიციების დამასუსტებელი.

“ეს პროცესი საქართველოსთვის კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და კარგია, რომ საბოლოოდ ეს ძალისხმევა ჩავარდა“, – ამბობს დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი. მისი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო ის მიზეზი იყო, რის საფუძველზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო:

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში მოგზაურობით ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სასარგებლო არგუმენტები გაეჟღერებინა მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან წასვლის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ ეს წარმოშობს კითხვას: კი მაგრამ, რატომ არ უნდა მიეცა მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლება, რომ წასულიყო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდამჭერად?! შემდეგ კი, ამის გამო მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წამოწყება, გულწრფელად გითხრათ, სასაცილოდ გამოიყურებოდა“, – ხსნის კრამერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შიდა პოლიტიკური სპექტრიც მკვეთრადაა დაყოფილი და ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე მესამე საიმპიჩმენტო გამოძიება მიმდინარეობს, ამერიკელი ექსპერტებისთვის რთულია სხვა ქვეყნის შეფასება, თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველო ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზეა და მან საკუთარი დასავლური ღირებულებები და დემოკრატიული პროცესები რეალური ნაბიჯებით უნდა დაამტკიცოს:
„საქართველო ახლა ძალიან სერიოზულ ეტაპზეა, როცა ის ცდილობს გააღრმაოს ევროკავშირთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვვევაში, ქართველი ხალხი არის ამ ეტაპზე. არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ლამის ისე გამოიყურება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრა“, – ამბობს დევიდ კრამერი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და არა – პრეზიდენტი, ამავე მთავრობის თანხმობის გარეშე. მისი თქმით, კანდიდატობის სტატუსთან და იმპიჩმენტთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესები საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, რომ კონკრეტული პირების, პარტიების თუ ორგანიზაციების რეალური მოტივები გამომჟღავნებულიყო.

„ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე, ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს ესა თუ ის ენჯეო საგარეო ურთიერთობებში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კრიტიკულ პერიოდში წამოწყებული პროცესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე, რომელიც თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული, ჯონათან კაცის აზრით, ზოგადი „სურათის ნაწილია“ და ის „ისრების გადატანისა“ და „წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა“ უფრო იყო. მეორე მხრივ კი ამან კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, რომ ქვეყანა რეკომენდაციების შესრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს. “ბრუკინსგსის ინსტიტუტის” მკვლევრის აზრით, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არც პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა სათანადო და არც – მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაზრდის. კაცის აზრით, ევროკომისიის ახალ ანგარიშამდე რამდენიმე კვირით ადრე ევროპული ტურნეს გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ქვეყნის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი იყო.
„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ გალაშქრება პრობლემურ, პოლიტიკურ საკითხად გამოიყურება. ეს ზიანის მომტანია მაშინ, როცა ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები, თუ როგორ წაიწიოს წინ [ევროკავშირმა] საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა ეს მთავრობა თბილისში სრულად მოწადინებული, რომ ბრიუსელის მიერ დაწესებული სტანდარტები შეასრულოს. ამან ნამდვილად შეიძლება რეალური ზიანი გამოიწვიოს. ესაა საქართველოდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის დისფუნქციურობის კიდევ ერთი მაგალითი და ხაზგასმა“, – ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ეძებს მათ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესაძლო წარუმატებლობას გადააბრალებს. პოტენციურ „განტევების ვაცებს“ შორის კი შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები, თუ სხვები.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი მხოლოდ ერთ-ერთი უკანასკნელი იყო იმ არაერთ პრობლემურ, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკომისიის რეკომენდაციებს. მათ შორის, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის ინიცირება, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უნგრეთის პრემიერთან პარტნიორობა, დასავლელი მეგობრების გაუცხოება და მათთან დაპირისპირება. „ეს [ყველაფერი] ისე გამოიყურება, როგორც კრემლის მოქმედებათა სახელმძღვანელოს მიყოლა და არა იმ სახელმძღვანელოსი, რომელიც მიუთითებდა, რომ მთავრობა მართლაც მონდომებულია მოიპოვოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი“, – ამბობს დევიდ კრამერი, თუმცა იქვე განმარტავს, რომ სჯერა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
„მგონია, რომ ევროკავშირმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს, კანდიდატის სტატუსი უნდა შესთავაზოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ეს არის ლამის საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება“, – განმარტავს კრამერი. მისი აზრით, ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის პარალელურად, ევროკავშირმა ამერიკის მსგავსად, სანქციები უნდა დაუწესოს ზოგიერთ იმ ინდივიდუალურ პირს, რომელიც „საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე“ არადემოკრატიულ პროცესებშია ჩართული და რუსეთს უჭერს მხარს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ერთ-ერთი ინტერვიუსას თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის თაობაზე ამგვარი გაყოფა, რომ სტატუსს ხალხი მთავრობაზე მეტად, ან მისგან განსხვავებით იმსახურებს, „საშიში ფორმულაა“:

„ფორმულა, რომ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და არა – მთავრობას, არის გაცილებით უფრო საშიში ფორმულა ვიდრე – არ მივცეთ საქართველოს სტატუსი ყოველ შემთხვევაში ცვლილებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს მოუწოდებ, რომ შენსა და სტატუსს შორის არის მთავრობა, რომელიც უნდა მოიშორო“, – ამბობს გია ვოლსკი და განმარტავს, რომ ასეთი შეფასებები „თვალთმაქცობის პიკია“.

„ერთობის გარეშე არაფერი ხდება. თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ამაში ლომის წილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ განიხილო უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, მეორეს მხრივ ამ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალო, რომ რუსეთთან რაღაც საეჭვო გარიგებებში შედის”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამავე კონტექსტში ექსპერტები, რომლებიც „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ვიქტორ ორბანის მაგალითსაც იხსენებენ. უნგრეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით „სათადარიგო გეგმაზე“ უნდა გადავიდეს, კიევისთვის მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნა კი სულაც არაა გამართლებული.

„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება:
„საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს“, – ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის:

„ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ“, – ფიქრობს ყოფილი დიპლომატი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს… მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა”, – ამბობს ფრიდი.

ყოფილი დიპლომატი ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს.
„სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას“, – ამბობს დენიელ ფრიდი.

ცოტა ხნის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დასავლელ პარტნიორებს სთხოვს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არა ახლა, არამედ – 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ესენი არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით კი, „რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ქვეყანამ სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში არ მიიღოს:

“ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას და ამით ებრძვიან ქვეყანას. ამ თემით უნდათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია მოხდეს. თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს მთავარი თემა გამოეცლებათ და დარჩებიან იგივე ნულზე, რითაც თავიდან დაიწყეს. პოლიტიკურ კონიუნქტურას აძლიერებს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, არამედ იქ ვინც ხვდებიან, იმათი შეხედულებებიც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკომისიის მიერ ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე კი 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ჯონათან კაცი იმედოვნებს, რომ სურვილის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ „კურსის კორექტირება“ შეუძლია, რადგან ფსონები ზედმეტად მაღალია და საუბარია იმ საკითხზე, რის მისაღწევადაც ქართველი ხალხი ბოლო 3 ათწლეული იბრძოდა – იმ დემოკრატიული გზის გამოსაძერწად, რომელიც რუსეთზე არ იქნებოდა გადაბმული. ამის საწინააღმდეგო ნაბიჯების დანახვა კი კაცის აზრით, „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და პარტნიორებისთვის იმედგაცრუება“ იქნება.
„ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა ახლა. თუკი „ქართული ოცნება“ შეიცვლის კურსს და საქართველოს დააბრუნებს იმ კურსზე, რაც ქართველ ხალხს სურს, კვლავ მაქვს იმედი, რომ შესაძლებელია სწორი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება. ვიმედოვნებ, როცა ეს მოხდება, როგორც ჯოზეფ ბორელმაც და სხვებმაც თქვეს საქართველოში ვიზიტებისას, საქართველოს მომავალი დასავვლეთში, ევროპაშია. ეს ასე დარჩება. საქართველოს ძალიან ბევრი და ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის შეერთებულ შტატებში“, – ამბობს ჯონათან კაცი.
დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს, არაერთ ქვეყანას შეეხება. შეფასებებს საქართველოსთან ერთად, ელოდებიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

წყარო