“უკრაინა სწრაფას აფართოებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას” – ინტერვიუ დენის შმიგალთან
სათაურით „უკრაინა სასწრაფოდ აფართოებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას“ (ავტორები – ალეკ რასელი და ქრისტოფერ მილერი). პუბლიკაციაში გამოყენებულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები რუსეთთან ომის მიმდინარეობის თაობაზე, პასუხი აქვს გაცემული კითხვებს: რას აკეთებს უკრაინა თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაფართოებლად? საიდან მიიღებს საბრძოლო მასალებს?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ყველასათვის ცნობილია პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ პერშინგის გამონათქვამი – „ქვეითი ჯარი იგებს ბრძოლას, ზურგი კი ომს“. თითქმის ასი წლის შემდეგ ეს აფორიზმი სხვა დამქანცველი ომის სტრატეგიის საფუძვლად იქცა. უკრაინის ველ-მინდვრებზე გაჩაღებული ბრძოლები უამრავ საბრძოლო მასალას ითხოვს. ზურგმა ჯარი იარაღით უნდა მოამარაგოს, მაგრამ არის ამის შესაძლებლობა? დასავლეთს, რომელიც ბოლო დრომდე კიევს იარაღს აწვდიდა, დღეს პრობლემები აქვს. ამიტომ უკრაინა ცდილობს იარაღისა და საბრძოლო მასალების საკუთარი მრეწველობა განავითაროს, რომ დასავლელე მოკავშირეებზე დამოკიდებულება შეამციროს.
„ჩვენ საბრძოლო მასალების კოლოსალური დეფიციტი გვაქვს. და ეს შეინიშნება არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც“, – ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, – ჩვენ კარგად გვესმის, რომ იარაღი აქ, უკრაინაში უნდა ვაწარმოოთ – იმიტომ, რომ მსოფლიოს ქვეყნების არსენალები და საწყობები ცარიელია“.
მთავრობამ გარკვეული დასკვნები უკვე გააკეთა: მკვეთრად გაზარდა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმოება – თუ ადრე, შარშან, მხოლოდ „რამდენიმე ათეულ“ დრონს ამზადებდნენ, ახლა მათი რაოდენობა „ათობით ათასებში“ გამოიხატება. კიევმა ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და მეტი თანხები გადადო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაფართოებისთვის – მეტი რაოდენობის საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წარმოებისათვის.
მაგრამ ჭურვების, ქვემეხების (ჰაუბიცების), აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წარმოების ზრდა ძალიან რеულ ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე დრონების დამზადება, მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში მათი მაკომპლექტებელი ელემენტების, დეტალებისა და ნედლეულის დეფიციტი შეინიშნება. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, „ომის ღმერთის“ – საარტილერიო იარაღის წარმოების სწრაფი ზრდა შეუძლებელია – ქვემეხი დრონი არ არის, რომ სადმე სახელოსნოში ერთ საათში ააწყო, მას უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი ჭირდება, რომელთა დამზადება მხოლოდ ქარხნის პირობებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ქვემეხების (ჰაუბიცების) ჭურვებს, სამწუხაროდ, ეს საკითხიც პრობლემაა: „მსოფლიოში დენთის უკმარისობაა“.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ – უკრაინისა და ისრაელისათვის დახმარების კანონპროექტის კონგრესში გადაგზავნის თაობაზე – ზუსტად დროზე მიუსწრო კიევს, რომელსაც კონტრშეტევის დაყოვნებული ტემპების გამო მორალური სულისკვეთება დაცემული ჰქონდა. უკრაინა ასევე შეშფოთებულია იმითაც, რომ აშშ-ში მალე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური ციებ-ცხელება დაიწყება და კიევისათვის იარაღის მიწოდებისა და ფინანსებით დახმარების საკითხს ნაკლები ყურადღება დაეთმობა.
თუმცა მთავრობა, რასაკვირველია, უსაქმოდ არ არის: რუსეთის თავდასხმიდან უკვე 20 თვე გავიდა და ხელისუფლებამ ახლა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჩქარებული ტემპებით სამამულო სამხედრო მრეწველობისა და ინოვაციების განვითარება.
მაგალითად, ამას წინათ ამერიკამ კიევს გაუგზავნა „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის მოძველებული საავიაციო რაკეტები AIM-9 Sidewinder-ები, რომლებიც პენტაგონს აღარ ჭირდებოდა, უკრაინელმა სამხედრო სპეციალისტებმა კი რაკეტებს დანიშნულება შეუცვალეს და „დედამიწა-ჰაერად“ გადააკეთეს. „უფრო სწორად თუ ვიტყვით, გამოგზავნილი საავიაციო რაკეტები წუნიანი და ჩამოწერილი იყო, ჩვენ კი შევაკეთეთ, შევქმენით მიწიდან ჰაერში გაშვების დანადგარიც და ასეთი თვითნაკეთი მოწყობილობით ვიყენებთ ჰაერიდან დასაცავად“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალბათ, პრობლემის ასეთი სახით მოგვარება როგორღაც გადაატანინებს ამ ზამთარს უკრაინას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას რაკეტების თავისი წარმოება დაჭირდება. ამჟმად პრიორიტეტულია ერთობლივი სამხედრო საწარმოების შექმნა ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად. მაგალითად, უკვე ხელმოწერილია კონტრაქტი გერმანულ „რეინმეტალთან“ დაზიანებული „ლეოპარდის“ მარკის ტანკების გარემონტებისა და ახალი მძიმე ჯავშნიანი ტექნიკის წარმოებაზე.
მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, დასავლური კომპანიები ერიდებიან მსგავსი შეთანხმებების გაფორმებას – ვაითუ რუსებმა ერთობლივ საწარმოებს შეუტიონ, დაბომბონ და მუშა-მოსამსახურეები დაიღუპნონო.
კითხვაზე, „რას იტყოდით აშშ-ის კონგრესში შექმნილ გაურკვევლობაზე, სადაც რადიკალმა რესპუბლიკელებმა უარი განაცხადეს უკრაინის დაფინანსებაზე“, დენის შმიგალი აღიარებს, რომ კიევისათვის ეს ძალიან არასასიამოვნო მოვლენას წარმოადგენს: „აშშ-ის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენთან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კომენტარზე დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად სავარაუდო არჩევისა და ამის გამო აშშ-ის დახმარების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით: „ჩვენთვის ეს პოლიტიკური გამოწვევაა. დღეისათვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ბევრი ცვლილება ხდება“, – განაცხადა დენის შმიგალმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ევროკავშირის ქვეყნებში [უნგრეთში, სლოვაკეთში…] ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იგულისხმა.
მაგრამ უკრაინის პრემიერმა ხაზი გაუსვა: კიევს ძველებურად სჯერა და იმედი აქვს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეასრულებს თავის დაპირებას პრინციპით „იმდენი, რამდენიც დაჭირდება“ და დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ხალხი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი არ შესუსტდება.