“სომხეთი რუსეთს შორდება” – Le Figaro
ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთი რუსეთს შორდება: დღეს ერევანში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“ (ავტორი – რეჟი ჟანტე).
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
სომხეთი, რომელიც თავისი ტრადიციული მოკავშირის – რუსეთის – მხარდაჭერას ვეღარ გრძნობს აზერბაიჯანის [აგრესიულ ქმედების] შესაჩერებლად, პირს ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ იბრუნებს.
სომხეთისაგან ასეთი ნაბიჯი თითქმის გაუგონარია: ბოლო დღეებში მთავრობამ მიიღო რამდენიმე (ხუთამდე) გადაწყვეტილება, რომელიც მიანიშნებს ერევნის დისტანცირებაზე მოსკოვისაგან. დღეს სომხეთში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არადა ოფიციალურად, ხელშეკრულებების საფუძველზე, სომხეთისათვის რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორად“ და მისი დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტორ სახელმწიფოდ ითვლება 1991 წლიდან. მაგრამ ერევნის ამჟამინდელი განცხადებები იმდენად ხისტი და მკაცრია, რომ ბევრ სამხრეთკავკასიელ დამკვირვებლებს კითხვები ებადებათ: ხომ არ კარგავს რუსეთი ერთ-ერთ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, რომ რუსი პროპაგანდისტები უკვე გაჰყვირიან სომხეთის „ღალატზე“…
მივყვეთ ქრონოლოგიას:
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 4-დან 10 სექტემბრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა: 1) იტალიური გაზეთ La Repubblica-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევნის დამოკიდებულება მოსკოვზე „სტრატეგიული შეცდომა“ იყო; 2) უკან გაიწვია სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში („ოდკბ“-ში), რომელშიც რუსეთი დომინირებს; 3) დათანხმდა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას აშშ-სთან ერთად, რომელზეც ადრე უარს ამბობდა ხოლმე; 4) პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას და 5) პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა აკოფიანი სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, როცა კიევში ჩავიდა „პირველი ლედების“ სამიტზე და ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს შეხვდა.
რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები წინა პერიოდში მზადდებოდა, მაგრამ მათი ოფიციალური გამოცხადება გასულ კვირაში მოხდა. პარალელურად ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადებაც, რომ „აზერბაიჯანი თავისი ჯარის კონცენტრაციას სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზთან ახდენსო“. გამოდის, რომ სომხეთი მარტოდმარტო რჩება იმ დროს, როცა აზერბაიჯანთან შეიძლება სამხედრო კონფლიქტი განახლდეს…
დრამატული სიტუაცია
ერევანმა რუსეთი უმოქმედობაში დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულდა, 2020 წლის ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი შეიყვანა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობითა და ძალისხმევით. „ერევანმა, უბრალოდ, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება გადაწყვეტა და მხარდაჭერისთვის დასავლეთს მიმართა და არამარტო მას – მაგალითად, ინდოეთსაც, რომლისგანაც ჩვენ იარაღს ვყიდულობთ“, – განმარტავს ტიგრან გრიგორიანი, ერევანში არსებული დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. შესაბამისად, სომხეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად, დასავლეთს სიგნალებს უგზავნის და ევრო-ამერიკულ ბანაკში გადასასვლელად ემზადება. ერევნის მოქმედებას რუსი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები, რბილად თუ ვიტყვით, ნეგატიურად აფასებენ.
ტიგრან გრიგორიანის თქმით, „ორიენტაციის შეცვლის ასეთი სქემა აუცილებლობა გახდა რუსეთის უმოქმედობისა და დუმილის გამო, როცა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას ემუქრება, კლავს სომხებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას ახდენს“. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც სომხეთს და მთიან ყარაბაღს (სომხებით დასახლებული აზერბაიჯანის რეგიონს) ერთმანეთთან აკავშირებს.
ბლოკადაში მთიანი ყარაბაღის 120 ათასამდე მცხოვრები აღმოჩნდა, რომლებიც სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების დეფიციტს უჩივიან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს შეუძლიათ რუსული და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აგდამის გზით (ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით) მიიღონ, მაგრამ სომხები ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ითხოვენ, როგორც ეს 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებაშია ჩაწერილი.
ასეთი დრამატული სიტუაცია იმიტომ განვითარდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს რუსეთის სისუსტით სარგებლობს (მოსკოვი ახლა უმთავრესად უკრაინის ომით არის დაკავებული) და სურს ის დათმობები გააუქმოს, რომლებსაც იგი 2020 წლის ნოემბერში დათანხმდა, კერძოდ, დაპირება, რომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ჯარს არ შეიყვანს. ამჟამად აზერბაიჯანს, „უსაფრთხოების ზონაში“ მდებარე შვიდი რაიონის გარდა, რომელთა ოკუპაცია სომხეთმა 1990-იან წლებში განახორციელა, საკუთრივ ყარაბაღის სეპარატისტული პროვინციის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი აქვს დაკავებული.
აზერბაიჯანთან ომში დამარცხებული სომხეთი დათანხმდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო. ამ საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრიუსელის ეგიდით, პერმანენტულად გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი ითხოვს გარანტიებს მთიანი ყარაბაღის სომხებისათვის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა გახდნენ. „სამწუხაროდ, ილჰამ ალიევი ამ გარანტიებს არ იძლევა. ამ კონტექსტში ყარაბაღელებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ან შიმშილით დაიხოცნენ, ან გაიქცნენ. ვშიშობ, რომ 2024 თებერვლისათვის ერთ-ერთი ვარიანტი რეალიზებული იქნება, თუ დასავლეთიდან არავინ არ ჩაერევა“, – ამბობს ბენიამინ პოღოსიანი, სომხეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი.