1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება – ირაკლი ღარიბაშვილი
ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება – ირაკლი ღარიბაშვილი

387
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან.

„ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან სამ მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. მინდა, აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის ეფექტურობა. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან დაახლოებით ორ-სამ დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.