თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსეი რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი შეცვლის – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს რუსტემ უმეროვი.
„ამ კვირაში პარლამენტს მიმართავენ, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. მინდა, აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვმა სრულფასოვანი 550 დღე გაიარა, მასშტაბური ომი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან.
ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს მას, ბატონ უმეროვს მეტი შესავალი არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას. შემოდგომა – გაძლიერების დროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.