“ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს“. მასში გაანალიზებულია თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, წინასწარი მონაცემებით, ერთობ არასახარბიელოდ გამოიყურება.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ნახევარი წლის წინათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა სამწლიანი ლოქდაუნი გააუქმა, ქანჩების მოჭერის ათწლიანი ტაქტიკა შეარბილა და კურსი სეცვალა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებას ჩააქრობდა და ქვეყნის ეკონომიკას გამოაცოცხლებდა, მიზანს მიუახლოვდებოდა: მსოფლიო ეკონომიკის ლიდერს – ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაანაცვლებდა.
პირველ ხანებში ჩინეთის ეკონომიკის ძრავა თითქოს ახალი ძალით ამუშავდა, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ისევ რაღაც მოუვიდა. ჩინელები ფულს არ ხარჯავენ, ბიზნესი არ ვითარდება, დასავლეთთან კონფლიქტი კი უცხოელ ინვესტორებს და სავაჭრო პარტნიორებს აფრთხობს. ეკონომიკური ზრდის ძველი რეცეპტები აღარ მუშაობს, ახლების გამოყენება კი შეზღუდულია. ეს ძალიან ცუდი ამბავია როგორც ავტორიტარ სი ძინპინისათვის, ასევე ჩინეთის მოსახლეობისათვის, რომელიც მიეჩვია ცხოვრების ყოველწლიურ გაუმჯობესებას… და საერთოდ, მთელი მსოფლიოს ეკონომიკისათვის – ჩინეთი ხომ ამ მხრივ მეორეა მოცულობით, აშშ-ის შემდეგ.
და განსაკუთრებით არასასიამოვნოა ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები რუსეთისთვის, რომელიც უკრაინასთან ომშია ჩაბმული. გამოკვეთილია ოთხი მიზეზი, რომელიც კრემლის შეშფოთებას იწვევს:
პირველი – ჩინეთი ენერგორესურსების უდიდესი შემსყიდველია მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, მისი ეკონომიკური პრობლემების გამო ნავთობზე მოთხოვნა სემცირდება. ნავთობიკი რუსეთის მტავარი საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. კრემლი იძულებული გახდება ნავთობის ამოღება შეამციროს, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს შემოსავლებზე – დასავლური სანქციების პირობებში.
მეორე – უკრაინაზე ტავდასხმით რუსეთმა დაკარგა დასავლური ბაზრები, ინევსტიციები და ტექნოლოგიები. კრემლი იმედოვნებდა, რომ დასავლეტს ჩინეთით ჩაანაცვლებდა. პირველ ხანებში მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია გართულდება. ასე რომ, ჩინეთის პრობლემები რუსეთის პრობლემებიც არის.
მესამე – ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია სავაჭრო და ტექნოლოგიური ომი აშშ-სთან. სი ძინპინის ახალი კურსი სწორედ მუხრუჭის შესამცირებლად არის მიმართული, მაგრამ ამერიკისათვის ჩინეთის დაახლოება რუსეთთან მიუღებელია. ამიტომ პეკინი იძულებული გახდება რუსეთთან დისტანცირების მანძილი გაადიდოს.
მეოთხე – რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია, ევროპელები სულ უფრო ნაკლებად ხარჯავენ ფულს ჩინური პროდუქციის შესყიდვაზე. სახეზეა ჯაჭვური პროცესი: ომი ევროპელთა ცხოვრების გაუარესებას იწვევს, ისინი ჩინური პროდუქციას არ ყიდულობენ, ჩინეთი ყოველდღიურად ზარალდება. ამიტომაც პეკინი ომის შეწყვეტით არის დაინტერესებული.
მოკლედ, ჩინური კორონავირუსული ლოქდაუნი უპრეცედენტო იყო, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ ეკონომიკაში სასწაული არ მომხდარა, ჩინური მოტორი ძველებურად მძლავრად არ ამუშავებულა. შიდა ტურიზმი თითქმის ჩაკვდა, შემცირებულია ბინების და ავტომობილების ყიდვა, რაც მოსახლეობის შემოსავლების კლების მანიშნებელია. ეროვნული ვალუტის – იუანის კურსი ეცემა და 15 წლის წინანდელ კურსს უახლოვდება. „აშკარაა, რომ ჩინეთის კომპარტიის გეგმები გადაჭარბებული აღმოჩნდა, ეკონომიკის გამოცოცლების იმედები არ გამართლდა“, – ამბობს იანჯუნ ხუანი, ექსპერტი აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან.
რა უშლის ხელს „ჩინური სასწაულის“ გაგრძელებას
პრობლემების სია გრძელია, მაგრამ მათგან შეიძლება მთავარი გამოვყოთ:
პირველ რიგში უნდა დასახელდეს უნდობლობის ფაქტორი. ჩინელებს არ სჯერათ, რომ პარტია ცხოვრებას გააუმჯობესებს. სწორედ კომპარტიამ დააზარალა სახელმწიფო – ჩინეთში ლოქდაუნი სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი და უფრო ხანგრძლივი იყო. შესაბამისად, მისგან მიყენებული „ჭრილობები“ ნელი ტემპით ხორცდება, მოსახლეობა ამ სიმკაცრეს ვერ ივიწყებს. წინ გაურკვევლობაა. ამიტომ ჩინელები ფულს „შავი დღეებისათვის“ აგროვებენ და არ ხარჯავენ, რაც თავის მხრივ, ცუდია ეკონომიკისათვის.
მეორე მიზეზი – კონფლიქტი დასავლეთთან: ჩინეთი გლობალიზაციის წყალობით გამდიდრდა, ანუ დასავლეთთან ვაჭრობით. მაგრამ სი ძინპინმა, რომელმაც ქვეყნის შიგნით სისტემის ავტორიტარიზება განახორციელა, საგარეო პოლიტიკაშიც მოისურვა მსოფლიო ავტორიტარული ლიდერის როლის შესრულება, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. სიმბიოზი კონკურენციით შეიცვალა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რით დასრულდება ჩინეთისა და დასავლეთის სავაჭრო-ტექნოლოგიური ომი, მაგრამ წინასწარი სიმპტომები ნეგატიურ შედეგებს მოასწავებს.
მესამე – უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა. ჩინეთის ერთგვარმა პრორუსუსლმა პოზიციამ უკრაინის ომის მიმართ დასავლელი ინვესტორების გეგმები სეცვალა. ისისნი შიშობენ, რომ ვაითუ პეკინმა მსგავსი რამ ტაივანის მიმართ ჩაიდინოს. ამიტომ ჩინურ ბაზარს ერიდებიან და ახალ ლოკაციებს ეძებენ – ინდოეთში, ვიეტნამში, ეგვიპტეში, მექსიკაში, თურქეთში…
მეოთხე – პარტიის არასწორი სოციალურ-ეკონომიკური კურსი. ჩინეთში, სადაც მმართველ ძალას კომუნისტური პარტია წარმოადგენს, ჯერ კიდევ ბევრი გადმონაშთია შენარჩუნებული, უცხოელთა ფინანსური საქმიანობა შეზღუდულია, წინა პერიოდებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ ხდება. შობადობა კლებულობს, უმუშევრობის დონე კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. ამის მიზეზი სი ძინპინის ავტორიტარიზმია, რომლის კურსის მიხედვით, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ძლიერდება. შესაბამისად, დასავლეთი თავს იკავებს ჩინეთთან ურთიერთობისაგან.
ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ეკონომიკის ზრდის მთავარი მოტორები – ექსპორტი, კერძო ინვესტიციები და მოხმარება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, სინქრონულად არ მუშაობენ.
ეკონომიკური ექსპერტები და ბიზნესმენები ჩინეთის ხელისუფლებას ერთხმად მოუწოდებენ, რომ გასატარებელია ახალი საბაზრო და პოლიტიკური რეფორმები, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება ეკონომიკისადმი დიდი მოცულობის სუბსიდიებით. რასაკვირველია, ხელისუფლება თვითონაც ხვდება, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეკონომიკა არ გამოცოცხლდება, მაგრამ რომელ გზას აირჩევს კომპარტია? ეს, ალბათ, ცნობილი გახდება პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება და ეკონომიკის საკითხებს იქნება განხილული.
ექსპერტების აზრით, ჩინეთი „მოჯადოებულ წრეშია ჩავარდნილი“, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძნელი ხდება: საჭიროა სახელმწიფოსაგან მეტი დახმარება კომპანიებისადმი, მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს ნაკლები შემოსავლები აქვს, ის მათ ჯეროვნად ვერ ეხმარება. შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტი სულ უფრო მცირდება.
დაეწევა თუ არა ჩინეთი ამერიკას?
ჩინეთი გზა-გასაყარზე აღმოჩნდა: ერთი გზა მიდის მსოფლიო ლიდერობისაკენ, მეორე – მოდუნობისაკენ, ანუ ისეთი მდგომარეობისაკენ, რომელშიც პეკინის ზღვისიქითა მეზობელი – იაპონია აღმოჩნდა გასული საუკუნის ბოლოს და რომლისგანაც „აზიური დრაკონი“ ჯერაც ბოლომდე ვერ გამოკეთებულა.
რა თქმა უნდა, ჩინეთის ხელისუფლება ზოგადად, სიტყვებით, კმაყოფილია ეკონომიკის მიმდინარე 5%-იანი ზრდით, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა დაგეგმილზე.
„თუ ადრე, ათიოდე წლის წინ, აშკარა იყო, რომ ჩინეთი ეკონომიკის ზრის ტემპებით ამერიკას დაეწეოდა და გადაუსწრებდა კიდეც, ახლა ნათელია, რომ პეკინისათვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენის რეალიზება გადაიდო“, – ამბობს კომპანია Bloomberg Economics-ის მთავარი ეკონომისტი ტომ ორლიკი, – შეიძლება უკვე წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარიც კი, როცა ჩინეთისათვის აშშ-ის დაწევა-გადასწრება შეუძლებელი იქნება და ეს არ მოხდება“.
რა რეზერვები აქვს ჩინეთს დარჩენილი? დემოგრაფიული გარღვევა – შობადობის ზრდა სახელმწიფოს მხარდაჭერით და ტექნოლოგიური გარღვევა – სახელმწიფოს მიერ ინვესტიციების ჩადებით ავტომატიზებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
ამ დარგებში მიღწეული წარმატებები ჩინეთს ხელს შეუწყობს შინაგანი მუხრუჭების ნაწილი მოიხსნას და ხელი შეეწყოს ზრდის დაჩქარებას. მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. აუცილებელია საგარეო მუხრუჭების მოხსნაც – სი ძინპინის მთავრობამ დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქმე უკვე ადგილიდან არის დაძრული: ამ რამდენიმე თვის წინ პეკინში იყვნენ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერები, ახლახანს კი განახლდა კონტაქტები ამერიკელებთანაც: პეკინში ჯერ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამ შაბათ-კვირას კი – აშშ-ის ფინანსტა მინისტრი ჯანეტ იელენი. რამდენიმე დღეში პეკინს ეწვევა თეთყრი სახლის სპეცწარმომადგენელი ჯონ ქერი.
პეკინსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი განახლდა, მაგრამ ყველა ელოდება მთავარ სამიტს – აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან. ეს მოხდება იმ სემთხვევაში, თუ სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ჩავა, სადაც ნოემბერში აზია – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი უნდა გაიმართოს.
მაგრამ მაშინაც კი ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ სი ძინპინი შეძლებს ან მოისურვებს ჯო ბაიდენის დარწმუნებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გადახედვაში, რომლის ცენტრშია დაპირისპირება ჩინეთთან როგორც აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგესთან – ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას გააგრძელებს.