1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის შეტევა სწრაფი არ არის, მაგრამ წინ მივიწევთ” – ომის 499-ე დღე
“უკრაინის შეტევა სწრაფი არ არის, მაგრამ წინ მივიწევთ” – ომის 499-ე დღე

“უკრაინის შეტევა სწრაფი არ არის, მაგრამ წინ მივიწევთ” – ომის 499-ე დღე

582
0

რუსეთ-უკრაინის ომის 499-ე დღე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკას რაიონში მაგრდებიან. მძიმე ბრძოლები გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერზე, ანდრეი კოვალევკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით აგრძელებენ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას და ადრე დაკავებული საზღვრებიდან გაძევებას.

„კლეშჩეევკას რაიონში მათ ნაწილობრივი წარმატება აქვთ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან. აქ მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – აცხადებს ანდრეი კოვალევკო.

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრძოლის ველზე პირობების შეცვლამ აშშ-ის ოფიციალური პირები აიძულა, კასეტური საბრძოლო მასალის საკითხის სერიოზული განხილვა დაეწყოთ.

კასეტური საბრძოლო მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან ისინი ავრცელებენ მცირე ბომბებს დიდ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება ვერ აფეთქდეს დარტყმის დროს და რისკი, ნაღმების მსგავსად, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შექმნას. აშშ და უკრაინა ამ აკრძალვის ხელმომწერები არ არიან.

უკრაინის შეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ წინ მივიწევთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წინ მივიწევთ, ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია, მაგრამ ნამდვილად მივიწევთ წინ და არა უკან, როგორც რუსები და ამიტომ მე ამას დადებითად ვხედავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა დაეხმარონ უკრაინას კონტრშეტევაში წარმატების მიღწევაში.

მისი თმით, არარეალურია იმის მოლოდინი, რომ უკრაინა შეძლებს კიდევ ერთი კონტრშეტევის დაწყებას რამდენიმე კვირაში ან თვეში, ”ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს ამ კონტრშეტევაში”, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია.

„რუსეთის თავდასხმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვზე კრემლის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია – ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრემლის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა. უკრაინის მიმართ აშშ-ის ვალდებულება ურყევია“, – წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, რუსეთის მიერ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.