26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.
გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ კი, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
- „ლელო საქართველოსთვის“
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
- „კანონი და სამართალი“
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
- „პროგრესი და თავისუფლება“.
აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტო).
განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოვუდგენთ საზოგადოებას რეგისტრაციის პროცედურების დასრულებისთანავე.