1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ”- The New York Times
„ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ”- The New York Times

„ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ”- The New York Times

431
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 თებერვლის ნომერში სათაურით „ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ: „საქმე ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ეხება“ (ავტორი – კარლ ხალსი), გამოქვეყნებულია ამერიკელი დიპლომატების კოლექტიური წერილი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსადმი, რაც ელჩების მხრიდან მიმართვის უპრეცედენტო ფორმას წარმოადგენს. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ელჩები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ქვეყნებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„აქაური მთავრობები აკვირდებიან ჩვენი ქვეყნის ნაბიჯებს, თუ რას ვაკეთებთ ისტორიის გარდამტეხ მომენტში – იმ პერიოდში, როცა აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია ცხრა დიპლომატის წერილში, რომელიც კაპიტოლიუმში იქნა გაგზავნილი, – „აქაურ მთავრობებს სურთ დაინახონ, რომ სიტუაციის ნებისმიერ ცვლილების დროს ამერიკის ხელისუფლება თავის მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით იქნება“.

წერილი საკმაოდ უჩვეულოა დიპლომატიური კორპუსისათვის, რომელთა წევრები – ელჩები – ჩვეულებრივ, დუმილს ინარჩუნებენ ხოლმე და მსგავსი საკითხების განხილვებში საჯაროდ არ მონაწილეობენ. მაგრამ დიპლომატები, რომლებიც ამას წინათ ერთმანეთს რეგიონულ კონფერენციაზე შეხვდნენ, აღნიშნავენ, რომ უკრაინისადმი დახმარების აუცილებლობა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ასეთ ფორმით მიმართვა გამართლებულია.

„არცერთ ჩვენგანს არასოდეს არ მოუწერია ხელი მსგავს წერილზე“, – აღნიშნავენ ამერიკელი პროფესიონალი დიპლომატები , რომლებსაც გამოცდილების ხანგრძლივი სტაჟი აქვთ, ღია წერილში, რომელიც კონგრესის ოთხ ხელმძღვანელს გაეგზავნა, – „მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, აუცილებლად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ჩვენი პირდაპირი და ობიექტური შეფასება იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისადმი დახმარების გაწევას“.

წერილს ხელს აწერენ: ფილიპ გოლდბერგი – აშშ-ის ელჩი სამხრეთ კორეაში, რამ ემანუელი – იაპონიაში, ქეროლაინ კენედი – ავსტრალიაში, ერიკ გარსეტი – ინდოეტში, ნიკოლას ბერნსი – ჩინეთში, ტომ უდალი – ახალ ზელანდიაში, ედუარდ კაგანი – მალაიზიაში და მარკ ჰეპერი – ვიეტნამში.

„ზოგიერთები ამ წერილზე ხელმომწერი ელჩებიდან, თვითონვე იყვნენ კონგრესის წევრები და აქვთ კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გამოცდილება. ჩვენ მაღალ დონეზე ვაფასებთ კონგრესის უმნიშვნელოვანეს როლს საგარეო პოლიტიკის გატარებაში და ვაცნობიერებთ, რომ ბიუჯეტების მიღება საბოლოო ჯამში კანონმდებლების მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს“, – ნათქვამია წერილში, – თუმცა, ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ პირდაპირ მოგმართოთ და უშუალოდ გაცნობოთ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ეს საბიუჯეტო გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებზე და პარტნიორ ქვეყნებზე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში“.

როგორც ცნობილია, უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების მომხრე ბევრი კონგრესმენი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდა, რომ თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, ამით ჩინეთი ისარგებლებს, გათამამდება და რეგიონში დესტრუქციულ პოლიტიკას განახორციელებს. ელჩები აღნიშნავენ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ექსპანსიონისტური იდეები ამოძრავებთ, მხედველობაში მიიღებენ კონგრესის ნეგატიურ გადაწყვეტილებას, მიმართულს უკრაინის დახმარების წინააღმდეგ – გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალ თაობებს გაჰყვება.

„არამარტო ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები შეაფასებენ ამ მომენტს, არამედ ჩვენი მტრებიც“, – აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები, – „შესაბამისად, ჩვენი ერთგულება კოლექტიური უსაფრთხოებისა და ექსპანსიის შეკავებისადმი, ჩვენი რეპუტაცია და ჩვენდამი ნდობა ბეწვზე ჰკიდია“.

 

ბევრი ამერიკელი ექსპერტისა და პოლიტოლოგის პროგნოზით, კონგრესის რესპუბლიკელი წევრების უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომლის თანახმად, მხარს არ დაუჭერენ თეთრი სახლის კანონპროექტს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების თაობაზე, თუ არ იქნება გადაწყვეტილი აშშ-ის სამხრეთი საზღვრის დაცვის გამკაცრებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამაგრების საკითხი (მექსიკასთან მიმართებით), საიდანაც აშშ-ში უამრავი უცხოელი არალეგალურად შედის.

წყარო