1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

1.52K
0

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს,  დაიბადა, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში.

რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი – ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი ხეობა, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღდვლის ცოდვა, ადამიანთა სევდა, სულეთის კიდობანი.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა, მწერალი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

გოდერძი ჩოხელი – ციტატები:

“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ, რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი..”

“ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე…” იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო… რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა… რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი.. რამდენი დარჩენილა უსახელოდ.. რამდენი ეძებს სახელს… და კიდევ რამდენი ჰკარგავს… ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი..”

 

“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია..”

“ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია? მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”

“გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს..”