1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? -შალვა პაპუაშვილი
ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? -შალვა პაპუაშვილი

ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? -შალვა პაპუაშვილი

180
0

შინაარსობრივად არგუმენტები არ არსებობს, რატომ არ შეიძლება და უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, ისევე იზრუნოს საკუთარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალეობაზე, როგორც ამას აკეთებს ფრანგი, ინგლისელი, თუ გერმანელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 16 ქვეყანაშია სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეობის და ლობისტური საქმიანობის რეგულაციებს ეხება.

„ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, დასაშვები არ არის ხარისთვის. უკვე სერიოზული აღარც არის, ამაზე მსჯელობა. იქაც დოგმების დონეზეა ყველაფერი დასული, შინაარსში შესვლა მინიმალურია. შინაარსობრივად არგუმენტები არ არსებობს, რატომ არ შეიძლება და უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, ისევე იზრუნოს საკუთარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალეობაზე, როგორც ამას აკეთებს ფრანგი, ინგლისელი, თუ გერმანელი. ევროკავშირის 16 ქვეყანაშია სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეობის და ლობისტური საქმიანობის რეგულაციებს ეხება. სულ უფრო იმატებს საჭიროება ასეთი კანონმდებლობის. ეს გასაგებიცაა, რადგან ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომების ეპოქაში, სადაც მთავარი იარაღი არის უხილავი გავლენები და დეზინფორმაცია. ამას ცდილობს ყველა საზოგადოება საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რომ უპასუხოს.

მსგავს კანონებს თუ ვნახავთ, რომელიც ლობისტურ საქმიანობას, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, ჩვენი კანონპროექტი არის ყველაზე მინიმალური რეგულაციით. ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვთ, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსონ. რა გახდა უსაშველო? ამას აკეთებს ხუთი ათასი საჯარო მოხელე, ყველა საჯარო დაწესებულება, რომელთა ბიუჯეტი გამჭვირვალეა. ერთადერთია ეს სექტორი, რომელიც ფინანსების დაფარვას ცდილობს. რეაქციები აჩვენებს ეჭვს, რომ დასამალი ბევრია. განსაკუთრებით აგრესიული ვინც არის არასამთავრობო სექტორიდან და მედიიდან, ოპოზიციიდან, თუ დააკვირდებით, ყოველთვის კვალს მიაგნებთ „ევროპის დემოკრატიული ფონდის“, ასევე „დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ დაფინანსების. ამ ორი ფონდის კვალს ყველგან მიაგნებთ. ერთგვარი ტესტია – როგორც კი დაინახავთ რადიკალ „ენჯეოშნიკს“, მედიის წარმომადგენელს, ან ოპოზიციონერს, ჩაეძიეთ, მიიკითხ-მოიკითხეთ, რაღაცას გაარკვევთ, ვიღაც რაღაცას გეტყვით და ყოველთვის კვალს მიაგნებთ – „დემოკრატიის ეროვნული ფონდსა“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ (EED).

ეს ორი ორგანიზაციაა, ვის მიმართაც საუბარი მქონდა, მათ შორის დიპლომატებთან და თავად დონორთან. დაპირებები იყო, რომ გამჭვირვალე იქნებოდა. ახლა რას ვხედავთ? – ორი კვირა გავიდა, რაც პროექტი ინიცირებულია. თუ ყველაფერი უპრობლემოა, ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ, რატომ არ ასაჯაროებენ, საკუთარი პროექტების სიას? რა პრობლემაა? ორი-სამი კვირაა ნერვებს იშლის „ენჯეო“ სექტორი, მედია, უცხოელი აქტორი და ამ ნერვების შლას, Ned-ის და EED-ს პროექტების სია დადონ. რას მალავენ? – ატვირთონ, რა პროექტებს აფინანსებდნენ და აფინანსებენ საქართველოში. ყველა რადიკალური ჯგუფის უკან ეს ორი ორგანიზაცია დგას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექვსი განცხადების გაკეთების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული, რომ გაასაჯაროონ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი.

„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? ეს ყველაფერი არის არა არგუმენტები, არამედ დოგმები, რომ გადაგვახვევინებს თუ არა [ევროინტეგრაციის გზიდან]. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაც იყოს საჯარო. გუშინ კომიტეტის სხდომაზე ხომ ვნახეთ, რომ ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს საჯარო – ყველა თანხმდება, ენჯეოებიც და ოპოზიციაც. მეორე კითხვა – რატომ არ არის საჯარო? ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, – აი, ეს არის NED-ის დაფინანსება. სხვათა შორის, ეს ფონდი პირადად მე რამდენჯერმე დამპირდა, რომ გაასაჯაროებდა ამას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.