1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში”-Sky news
“ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში”-Sky news

“ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში”-Sky news

170
0

„პროგნოზების მიუხედავად, 7 ივლისს საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მემარცხენეთა კოალიციას და ცენტრისტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველი ადგილის ნაცვლად, მესამე ადგილი მიიღო“, – ნათქვამია ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky news) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში“ (ავტორი – ადამ პარსოსნსი, პარიზელი კორესპონდენტი). „ანუ ქვეყანაში არ იქნება უკიდურესად მემარჯვენე მთავრობა, მაგრამ საფრანგეთს წინ პოლიტიკური უთანხმოება და არასტაბილურობა ელოდება“, – ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული კრების არჩევნების მეორე ტურმა, რომელიც 7 ივლისს გაიმართა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი სიურპრიზი არჩევნების ისტორიაში: მისი წინასწარმეტყველება ვერვინ ვერ შეძლო – ვერც სოციოლოგებმა, ვერც საზოგადოებამ და ვერც პოლიტიკოსებმა.

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მთავრობა არ იქნება, მაგრამ იქნება არასტაბილურობა და გაურკვევლობა. არჩევნებს, რომლებსაც სიტუაციაში სინათლე უნდა შეეტანა, საპირისპირო შედეგი მოიტანა. წინ ფრანგებს პოლიტიკური ჩიხები, ძველი წყენების გახსენება და ურთიერთბრალდებები ელოდებათ.

ნათელია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პარლამენტი სამ ფრაქციად იქნება გაყოფილი:

ყველაზე დიდი, მაგრამ არა აბსოლუტური უმრავლესობის მქონე, იქნება მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“. ცენტრისტულმა ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ირგვლივ არის გაერთიანებული, ყველა ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მაინც შეძლო მეორე ადგილის დაკავება, ხოლო მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ, რომელსაც აბსოლუტურ უმრავლესობას (ანუ 300-მდე სადეპუტატო ადგილის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ), მხოლოდ მესამე ადგილის მოპოვება მოახერხა.

აქედანვე აშკარაა, რომ ფრაქციები ერთმანეთის მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილნი. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შედგენა ძალიან ძნელი იქნება და ამ მიზნით მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.

ემანუელ მაკრონი, მაგალითად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ზიზღით უყურებს ჟან-ლიუკ მელანშონს – მემარცხენე კოალიციის ყველაზე მსხვილი პარტიის – „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერს. ასევე საძულველია მაკრონისათვის მარინ ლე პენი და მისი პარტია ეროვნული გაერთიანება“. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთისადმი სიყვარულით არც მემარცხენე ბლოკის წევრები არ გამოირჩევიან – ჟან-ლიუკ მელანშონს განუდგნენ რიგი პარტიის ლიდერები მას შემდეგ, რაც მან პროვოკაციული კომენტარები გააკეთა ისრაელისა და არაბების მიმართ.

ამიტომაც, როცა „დაუმორჩილებელი ფრანგი“ ჟან-ლიუკ მელანშონი ითხოვს, რომ მისი წარმომადგენელი იქნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნული, მისი პარტნიორები ამას არ დათანხმდებიან. ვინ იქნება საფრანგეთის მთავრობის მეთაური? ეს ჯერ არავინ არ იცის და, ალბათ, საკმაო ხნის განმავლობაში უცნობი იქნება. გაბრიელ ატალმა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ემანუელ მაკრონის თანამზრახველია, უკვე გამოაცხადა, რომ პოსტიდან გადადგება, თუმცა, ალბათ, დროებით მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ეროვნული გაერთიანების ლიდერები მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ პარიზისა და სხვა მსხვილი ქალაქების გარეთ – ქვეყნის სასოფლო რეგიონებში. პრინციპში, ეს რეალობა საერთო ჩარჩოებში ჯდება: საფრანგეთშიც ისეთივე სიტუაციაა, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც პოპულისტი პოლიტიკოსები „ჰყვავიან“, მაგალითად, უნგრეთში. ქალაქებსა და სოფლებს შორის ამ მხრივ განხეთქილება არსებობს.

რა მოხდება წინ კონკრეტულად, არავინ იცის. საფრანგეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი სახელმწიფო, არასტაბილურობის პერიოდში შევიდა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: