1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი -შალვა პაპუაშვილი
ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი -შალვა პაპუაშვილი

ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი -შალვა პაპუაშვილი

33
0

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო თავის სიმართლეში არის მართალი და წელგამართული და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმართლეს ჩვენ აუცილებლად გავიტანთ. ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსს, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.

„ყველა კვლევა, მათ შორის ეს ბოლო კვლევა, როდესაც არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე არის დამყარებული, აჩვენებს, რომ არა თუ არ არსებობს რაღაც სისტემური პრობლემები და გამოწვევები (რომლებზეც სამწუხაროდ საუბრობს ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოში, რაც არის დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ), პირიქით, საქართველო ლიდერია არა თუ რეგიონში და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ხანდახან ლიდერია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაშიც. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

სწორედ ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ, მტკიცებულებებზე დამყარებული ბევრი კვლევისა, ზოგიერთი უცხოელი აქტორი დაჟინებით საუბრობს სისტემურ პრობლემებზე არგუმენტების გარეშე, ჩვენში აჩენს კითხვებს თუ რა მოტივაციები დგას ამის უკან. თან ამ დაჟინებული განცხადებების უკან დგას [შემდეგი] – იცით რა, რეფორმა ჩაატარეთ, ოღონდ თქვენ კი არ ჩაატაროთ, თქვენ ამისი უნარი, ცოდნა არ გაქვთ, თქვენ არ ხართ სანდო ხალხი. ჩამოვალთ ჩვენ, ჩამოვიყვანთ ჩვენს ექსპერტებს (როგორც პოლონელი ექიმები ჩამოიყვანეს), დაგინიშნავთ მოსამართლეებს, ჩვენ დაგინიშნავთ ქართველ ხალხს, ვინ იყოს თქვენი მოსამართლე. მერე გვეტყვიან ალბათ ვინ უნდა იყოს პროკურორი, მერე იმასაც გვეტყვიან, ვინ იყოს ჩვენი დეპუტატი და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის უსამართლო თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე შეჩერდეს.

დააკვირდით ნებისმიერ განცხადებას, იქნება ეს ელჩი, „ენჯეო“ თუ ოპოზიციონერი, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი საუბრობენ სისტემურ გამოწვევებზე ქართულ მართლმსაჯულებაში, დაუსვით მარტივი კითხვა – რით დასტურდება ეს სისტემური გამოწვევები? ამ მარტივ კითხვას ვსვამ მე პირადად, როგორც დახურულ, ისე ღია შეხვედრებზე. ვერავინ მცემს პასუხს. არის დახურული მანკიერი წრე. ერთი მიუთითებს ვენეციის კომისიის რაღაც ანგარიშზე, ვენეციის კომისია მიუთითებს „ენჯეოებზე“, „ენჯეოები“ მიუთითებენ ოპოზიციაზე, ოპოზიცია მიუთითებს რაღაცაზე. ასე, დახურულ ლაბირინთებში აბნევენ ქართულ საზოგადოებას, რაც არის არასწორი ქმედება და მნიშვნელოვანია, ყველა დაუბრუნდეს მტკიცებულებებით საუბარს და არა თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.