1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია – ჯოზეფ ბორელი
ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია – ჯოზეფ ბორელი

ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია – ჯოზეფ ბორელი

144
0

საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა – ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია , – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი პარლამენტში თავიდან წარადგინეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.