უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვა არის სერიოზული ესკალაცია და ეს სულელური გადაწყვეტილებაა-დონალდ ტრამპი
უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვა არის სერიოზული ესკალაცია და ეს სულელური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე სახიფათო ვითარებაა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობით გადაწყვიტა, დაიწყოს რუსეთში რაკეტების გასროლა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთი უფრო ადვილი პრობლემაა, ვიდრე ის, რაც ხდება რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით.
„ბოლო თვეში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი გამაოგნებელია, როგორც რუსები, ასევე უკრაინელები და რაოდენობა საკმაოდ თანაბარია. სიგიჟეა რაც ხდება. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები რუსეთში ასობით მილის მანძილზე რაკეტების გაგზავნას. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ უბრალოდ ვაძლიერებთ ამ ომს და ვამწვავებთ მას. ახლა ისინი აკეთებენ არა მხოლოდ რაკეტებს, არამედ სხვა ტიპის იარაღს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დიდი შეცდომა. მინდა, ყველაფერი დასრულდეს. მე არ მინდა ხალხი კვდებოდეს, გესმის? მე არ მინდა, რომ მოკლან ადამიანები არცერთი მხრიდან, იქნება ეს რუსეთი, უკრაინა ან პალესტინელები და ისრაელელები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ტრამპმა უპასუხა:
„არავის არ ვენდობი“.
ცნობისთვის, ჟურნალმა „თაიმმა“ დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად დაასახელა.