"უკრაინაში პორნოგრაფიის ლეგალიზების საკითხს განიხილავენ: გადასახადებით ბიუჯეტი შეივსება და ფული დრონების შესყიდვას მოხმარდება"- ასეთი „შთამბეჭდავი“ სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები ფრანჩესკა ებელი და ანასტასია გალუშკა უკრაინულ პორნოინდუსტრიაში დასაქმებული ქალების პერსპექტივაზე მსჯელობენ: დააკანონებს თუ არა ხელისუფლება უკრაინაში პორნოგრაფიას? პორნომოდელ ქალებს იმედი აქვთ, რომ კანონპროექტის მიღებით უკრაინის არმიას დაეხმარებიან.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


მრავალი ათეული წლის განმავლობაში უკრაინის უზარმაზარი, მაგრამ უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში იყო მიმალული: ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოები მასზე ძირითადად თვალს ხუჭავდნენ, ზოგიერთი ჩინოვნიკი კი სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობდა და დამრღვევებს ქრთამს სძალავდა.


მაგრამ რუსეთთან ომის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საგადასახადო ორგანოებმა გაარკვიეს, რომ ზრდასრული ადამიანებისათვის განკუთვნილი უკრაინული კონტენტის OnlyFans-ის თითქმის რვა ათასამდე ავტორმა (ანუ „მსუბუქი ყოფა-ქცევის პირებმა“) მხოლოდ 2023 წელს 131 მილიონ დოლარზე მეტი თანხა „გამოიმუშავა“.


დღეს უკრაინას უდიდესი ხარჯები აქვს სამხედრო სფეროში, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 27 მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, კანონმდებლები ცდილობენ როგორმე ხაზინა შეავსონ. ამიტომ დღის წესრიგში დგება პორნოგრაფიის დეკრიმინალიზება. ეს ნაბიჯი შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო აღმოჩნდეს იმ ქვეყნისათვის, რომლის რეპუტაცია უკვე საკმაოდ გასვრილია ქალების ექსპლოატაციით და ლამაზმანების უცხოეთში „ექსპორტით“.


მოსალოდნელია, რომ პორნოს ლეგალიზებით ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარის საგადასახადო მოსაკრებლით შეივსება. უკრაინის ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის იაროსლავ ჟელეზნიაკის აზრით, პორნოგადასახადებით მიღებული თანხა საკმარისი იქნებოდა 30 ათასი დრონის შესაძენად სამხედრო საჭიროებისათვის.
„მოდით, პირდაპირ ვილაპარაკოთ. ვინ იგებს პორნოინდუსტრიის ფულით? სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტი ნამდვილად არ იგებს. ესე იგი, ჩვენ არ შეგვიძლია იმ ფულის გამოყენება, რომელიც ქვეყანაში ფარულად ტრიალებს. არ შეგვიძლია ამ ფულით სარგებლობა არმიის დაფინანსების გაზრდისათვის და ჩვენი დამცველების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ანუ ფული ისევ ჩრდილოვან ეკონომიკაში უნდა დარჩეს? მე ვთვლი, რომ ჩვენ უკვე საკმაოდ მოწიფული ერი ვართ, რომ ვაღიაროთ: ხალხი [ომის დროსაც] სექსით არის დაკავებული“, - განაცხადა იაროსლავ ჟელეზნიაკმა კანონპროექტის შესახებ გამართული მოსმენების დროს.


მაგრამ უკრაინაში პორნოინდუსტრიაში „დასაქმებულ“ პირებზე გადასახადების დაწესების გზით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობს. ვთქვათ, მაგალითად, კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან ქალთა საპროტესტო მოძრაობა „ფენემის“ (Fenem) წევრები, რომლებმაც უკრაინას სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი სამშობლოს - უკრაინას - თავიანთი „შიშველი“ სკანდალური აქციებით - ქუჩაში ტანსაცმლის საჯარო გახდებით და „ქალური დიდებულების ღია წარმოჩენით“ (როგორც Fenem-ელები ამბობენ, მათი აქციები მიმართულია სექსუალური ექსპლოატაციისა და პატრიარქალური ავტორიტარიზმის წინააღმდეგ).
გარდა ამისა, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც შიშობენ, რომ კანონპროექტის მიღება საზოგადოებრივ მორალს ძირს გამოუთხრის, გაიზრდება არასრულწლოვანების ზნეობრივად გახრწნისა და მათი ექსპლოატაციის რისკები.


მწვავედ გააკრიტიკა კანონპროექტი პარლამენტში უკრაინის ექს-პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომაც, რომელმაც შეშფოთება გამოხატა ბავშვებზე (არასრულწლოვანებზე) ძალადობის ზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით უკრაინა, დიდი ალბათობით, „პორნოგრაფიის გამავრცელებელ ქვეყნად გადაიქცევა“.


ამასობაში კი ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინის საბჭომ მოუწოდა კანონპროექტის ავტორებს უკან წაიღონ თავიანთი ქმნილება - იმ მოტივით, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულ ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ მორალს, ზნეობას და ჯანმრთელობას.


შესაძლოა, კანონპროექტის ავტორებს მართლაც კეთილი მიზნები აქვთ ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით, მაგრამ ზრდასრული ადამიანებისათვის განკუთვნილი უკრაინული კონტენტის მფლობელების წინაშე პრობლემა დადგა - მათ უკვე მოსთხოვეს გადასახადების გადახდა, რომელიც სამომავლოდ გაფორმდება, მაგრამ თუ ისინი ფულს გადაიხდიან ჯერ კიდევ მიუღებელი კანონპროექტის საფუძველზე, მაშინ გამოდის, რომ ისინი პორნოფილმების გადაღებას აღიარებენ ამჟამად არსებული კანონის დარღვევით.


სვეტლანა დორნიკოვა, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს OnlyFans-ზე, ამბობს, რომ უკვე მიიღო წერილი საგადასახადო სამსახურიდან - გადასახადის შეტანის მოთხოვნით. იგი დაემორჩილა მოთხოვნას, გააფორმა დეკლარაცია უკანა რიცხვით და თანხა - 900 ათასი დოლარი მითითებულ ანგარიშზე შეიტანა, თუმცა ეჭვობდა, რომ ვაითუ ხაფანგი დაუგეს.


მართლაც ისე გამოვიდა, როგორც ეჭვობდა: პოლიციამ ჯერ მისი ბინა გაჩხრიკა, შემდეგ მოხუცი მშობლებისაც - ეძებდნენ ტელეფონებს, ნოუთბუქებს, ვიდეომოწყობილობებს, ყველაფერს, რაც დაადასტურებდა მის მონაწილეობას პორნოფილმების უკანონო წარმოებაში.

ამჟამად სვევტლანა დვორნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „ჩვენ ამ გადასახადს რომ ვიხდიდით, ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო“, - ამბობს სვეტლანა სატელეფონო ინტერვიუში, - მაგრამ მინდოდა ქვეყნისა და არმიისათვის კარგი საქმე გამეკეთებინა, სამხედრო ბიუჯეტი შემევსო, ჯარისკაცებს რომ მეტი ფული ჰქონოდათ. მეგონა, რომ საერთო საქმეს ვაკეთებდი და სახელმწიფოც მხარს დამიჭერდა. ჩემი გადახდილი ფულით 100 ახალი ავტოპიკაპის ან ორი ათასი დრონის ყიდვა შეიძლებოდა“.


ჩხრეკის შემდეგ დვორნიკოვამ პეტიცია წამოიწყო პორნოგრაფიის ლეგალიზებისათვის, რომლის შედეგად 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. პეტიციამ ბიძგი მისცა კანონპროექტის შემუშავებას, რომელმაც უკვე გაიარა პირველი მოსმენა 231 ხმით 8-ის წინააღმდეგ, თავი მხოლოდ სამმა დეპუტატმა შეიკავა. ახლა კანონპროექტი მეორე მოსმენის დაწყებას ელოდება.


ოქსანა (გვთხოვა, რომ მისი გვარი არ გავამხილოთ), რომელიც 18 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი უკრაინული სააგენტოს OFM Models-ის მფლობელია, „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ სააგენტოში სამუშაოს მთხოვნელთა რიცხვი გაორმაგდა.


ოქსანას თქმით, პორნოინდუსტრიის დეკრიმინალიზაცია ქალებს მეტ შესაძლებლობას მისცემს. მისი აზრით, მცდარია იმ ადამიანთა პოზიცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებით ქალების ექსპლუატაცია გაძლიერდება. „ჩვენი ქალები სახელმწიფოსაგან ნიშანს ელოდებოდნენ. დადგა მომენტი, როცა სახელმწიფომ, როგორც იქნა, თვალი გაახილა და პორნოგრაფიაში ჩართულ პროსტიტუტ ქალებში დამნაშავე კი არა, გადასახადის გადამხდელი დაინახა. კანონის შესრულება ჩვენ ერთ თითქოს უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვან შედეგამდე მიგვიყვანს: ქალებს შიში გაუქრებათ. მათ შეუძლიათ თავისუფლად, ღიად მიმართონ იურისტებს თავიანთი უფლებების დასაცავად, ასევე თამამად მივიდნენ ბანკებში კრედიტების ასაღებად“, - მსჯელობს ოქსანა.


მომავალი თითქოს ლამაზად მოჩანს, მაგრამ სინამდვილეში როგორ იქნება სიტუაცია, ეს ზუსტად არავინ იცის. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით კი, აწმყოში, რეალურად, უკრაინაში ქალებზე ზეწოლა ძლიერდება. როგორც უკრაინული მასმედიის პუბლიკაციები მოწმობს, ბოლო წლებში 301-ე მუხლით (პორნოგრაფიის აკრძალვით) აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ მოიმატა. მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში აღძრულია 2368 საქმე.


მაისში უკრაინის სამი რეგიონის პოლიციის უფროსები მასშტაბური კორუფციული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ. ისინი დააკავეს იმისთვის, რომ პორნოფილმების ორ ათეულამდე სტუდიას მფარველობდნენ და ქრთამს იღებდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, პოლიციის ხელმძღვანელები ყოველი სტუდიიდან თვეში ჯიბეს 20 ათასი დოლარით ივსებდნენ.


როგორც ოქსანა თვლის, პორნოინდუსტრიაში ჩაბმული ყოველი ქალისთვის დაპატიმრებისა და იძულების საფრთხე „დამოკლეს მახვილს“ ჰგავს. „ყველა, ვინც კი ასეთი ქალის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობას შეიტყობს, მასზე ზეწოლის ბერკეტს იძენს, - განმარტავს იგი, - უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ქალებს ყველაზე მეტად ფულის გამომუშავება კი არ აშინებთ, არამედ ის, რომ ამის შესახებ ნათესავები შეიტყობენ... სანამ პორნოგრაფიის აკრძალვა ძალაში იქნება, ამ სფეროთი დაკავებული ქალების უმრავლესობა ჩრდილიდან არ გამოვა“.


სვეტლანა დვორნიკოვა ჰყვება, რომ წლების განმავლობაში დადიოდა ფრონტისპირა ქალაქიდან ევროპაში, სადაც მდიდრულ ვილებში პორნოფილმების გადაღებაში მონაწილეობდა, მაგრამ ფსევდონიმით: „სულ მეშინოდა, რომ უკრაინის პოლიციას ჩემი საქმიანობა არ გაეგო და ზეწოლა-შანტაჟი არ მოეხდინა“.


„თუ საბოლოო ჯამში პორნოგრაფიის ლეგალიზება მოხდება, ჩვენ მშვიდად შევძლებთ მუშაობას, ნორმალური გამომუშავება გვექნება და სახელმწიფოსაც კარგ ფულს გადავუხდით - აი, ამას ნიშნავს ჩვენთვის და ქვეყნისათვის კანონპროექტის მიღება... ჩვენ გვსურს ჩვენი მოვალეობა უკრაინელი ხალხის წინაშე, როგორც ამბობენ ხოლმე „ჯენტლმენურად შევასრულოთ“, ამბობს სვეტლანა.
მაგრამ თუ ლეგალიზება არ მოხდება, როგორც დვორნიკოვა აღნიშნავს, მას უკრაინის დატოვება სამუდამოდ მოუწევს. სვეტლანას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დროებით შეჩერებულია და, შესაბამისად, მისი ბედი კანონპროექტის მიღება-არმიღებაზეა დამოკიდებული


29 წლის ანასტასიამ, კიდევ ერთმა პორნომოდელმა უფროსი ასაკის მქონე პირებისათვის, ასევე მიიღო წერილი საგადასახადო სამსახურიდან. მისი თქმით, იგი ამ სფეროში სამი წელია მუშაობს, ჰყავს პატარა ბავშვი, ამიტომ არ სურს, რომ მისი სახელი და საქმიანობა საჯარო გახდეს. ჯერჯერობით ანასტასია თავს არიდებს ხელისუფლებისაგან ყურადღების მიქცევას და ზეწოლას, თანაც მისი შემოსავალი შედარებით მცირეა.


„საგადასახადო სამსახური პირველ რიგში დაინტერესებულია იმ პირებით, რომლებიც სერიოზულ ფულს იღებენ: რაც უფრო მეტი შემოდის ჯიბეში, მით უფრო მეტ ინტერესს და ყურადღებას იწვევ, - ამბობს ანასტასია, - ჩემთვის ყველაზე მნიშელოვანი ისაა, რომ ჩემნაირ მოდელებს პატივისცემით მოეპყრონ, მათში სასარგებლო ადამიანი დაინახონ და არა მხოლოდ ფულის გამომუშავების ინსტრუმენტი. მე პირადად ხელისუფლებაზე ნაწყენი ვარ - იმიტომ, რომ უსამართლო პოზიცია აქვთ. არ უნდათ ჩვენი ლეგალიზება, მაგრამ სურთ, რომ გადასახადი ვაძლიოთ“.


პორნოგრაფიის ლეგალიზების მომხრეების მტკიცებით, კანონი პორნომოდელ ქალებს ექსპლოატაციისაგან დაიცავს და ისინი საქმიანობას მშვიდად გააგრძელებენ.


„ყოველგვარი მონობა იძულებაზეა აგებული: ადამიანებს ატყუებენ, მათ დოკუმენტებს ართმევენ, - ასკვნის ოქსანა, - თანამედროვე ეკონომიკა კონტენტის შესაქმენლად სრულიად სხვაგვარად არის მოწყობილი. ზრდასრული, მოწიფული ქალები თავიანთ ცხოვრებას და ბედს თვითონ წყვეტენ: იგი შესაბამის ინტერნეტპლატფორმაზე თავიანთ პირადულ მონაცემებს (ფოტო, ასაკი...) ადასტურებენ და თვითონ განსაზღვრავენ საქმიანობის დასაშვებ ფარგლებს“.


წყარო: