1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს – რას წერს „დოიჩე ველე“
უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს – რას წერს „დოიჩე ველე“

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს – რას წერს „დოიჩე ველე“

105
0

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ბუნდესტაგის დეპუტატთან რობინ ვაგენერთან – „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინატორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში – სათაურით „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკიტა ჟოლკვერი).

რობინ ვაგენერმა საუბრის დროს კრიტიკულად შეაფასა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ დებულებები და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– როგორ განიხილეს და შეაფასეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია – პირველ რიგში კი ის კანონპროექტი, რომლის მიღების პროცესი ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს?

– მე რეგულარული ურთიერთობა მაქვს ქართველ პარტნიორებთან, ჩემი აზრი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ადრეც გამოვთქვი და იგივეს გავიმეორებ. ეს არის ძალიან უცნაური დოკუმენტი. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია  ევროკავშირთან დაახლოებაში და წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი მიიღო… მაგრამ ისეთი კანონპროექტებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ არიან მიმართული, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ შეზღუდვისაკენაც, საქართველოს მთავრობა დღეს ნაბიჯს აშკარად არასწორი მიმართულებით დგამს და ისეთ სიგნალებს გზავნის, რომლებიც არ შეესაბამება პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ჩვენ ასეთი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ამ ყველაფერს მხედველობაში ვიღებთ.

– გამოიხატა თუ არა ერთხმად ასეთი პოზიცია ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე?

– დიახ, ასეთია ბუნდესტაგის ყველა ფრაქციის თვალსაზრისი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომის დროს გამოთქმულმა აზრებმა ამგვარი შთაბეჭდილება დატოვა.

– თქვენ ახსენეთ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი. როგორ შეაფასებდით იმ რისკს, რომ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს?

– მე ამ საკითხზე ფოკუსირებას არ მოვახდენ – დაკარგავს თუ არ დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსს… ჩემი აზრით, საქმე იმაშია, თუ რამდენად რეალური იქნება ქვეყნის მიღების შემდგომი პროცესი. ევროკავშირი საქართველოსაგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას  ელოდება, რომლებიც ქვეყნის გაწევრიანების შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მე პირადად მგონია, რომ ასეთი კანონების მიღება წინსვლას ხელს არ შეუწყობს. ისინი სრულიად სხვა მიმართულებით სიარულს ნიშნავს და არ შეესაბამებიან ევროკავშირის საბაზო ფასეულობებს.

– რის გაკეთება შეუძლია გერმანიის მთავრობას, რომ თბილისი ევროპული ფასეულობების გზაზე დააბრუნოს?

– მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, სწორი იქნება საქართველოს ისევ და ისევ მივანიშნოთ, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მის გვერდით ვიყოთ ევროინტეგრაციის გზაზე.  გვინდა, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორი იყოს ევროკავშირის შემადგენლობაში და როგორც ვიცი, იგივე სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას.

მეორე მხრივ, ასევე გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ფასეულობების მქონე მტკიცე [უნივერსალურ] გაერთიანებას წარმოადგენს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მასში გაწევრიანების მსურველმა რომელიმე სახელმწიფომ მხოლოდ ის ფასეულობა ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს. ქვეყანა ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის იზიარებს ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს და ფასეულობებს. საქართველო კი თავისი ბოლო სადაო კანონპროექტებით, სვლას არასწორი მიმართულებით იწყებს.

ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია განვმარტეთ როგორც გასულ წელს, ისე დღესაც, ყველა დონეზე. ახლა საბოლოო არჩევანი საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. სწორედ ამის მიანიშნებს ქუჩაში მასობრივად გამოსული ხალხი.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ