1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ტრამპი – რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს”-Foreign Affairs
“ტრამპი – რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს”-Foreign Affairs

“ტრამპი – რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს”-Foreign Affairs

176
0

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-მა უდიდესი და უკონტროლო ძალაუფლება მიიღო, კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც პრაქტიკულად კონკურენტები არავინ არ ჰყავდა.
ამერიკა დომინირებდა მეზობლებზე, გავლენა ჰქონდა მსოფლიოს ყველა რეგიონში და უკვე 1992 წლისათვის დედამიწის ყველაზე უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ვაშინგტონი, ბუნებრივია აჰყვა მაცდურობას – გამოეყენებინა შექმნილი სიტუაცია თავისი გლობალური გავლენის კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამიტომაც ვაშინგტონმა დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და რუსეთის ინტერესების იგნორირება“, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპი – რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს“ (ავტორები – ენდრიუ ბაიერსი, რენდალ შველერი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და 21-ე საუკუნეში – დონალდ ტრამპამდე, ტრამპის დროს და ტრამპის შემდეგ.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

ვაშინგტონმა დაიჯერა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი ერთადერთი და ყველაზე სწორია. შესაბამისად, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მიზნად დაისახეს მსოფლიოში ისეთი ღირებულებები გაევრცელებინათ, როგორიც აშშ-ის ფასეულობებს შეესაბამებოდა. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუახნებამდე ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

(…)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა, ნატოს ჩარჩოებში, ევროპის უსაფრთხოება და აღდგენა უზრუნველყო. თავის მხრივ, ევროპელი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ შეერთებულ შტატებს მოსკოვთან დაპირისპირებაში და ნებას აძლევდნენ ამერიკას თავისი არმია ევროპის კონტინენტზე ჰყოლოდა.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონისთვის უკვე აღარ იყო საჭირო ნატოს ხარჯების 70%-ის საკუთარ თავზე აღება, მით უმეტეს, რომ ალიანსის არსებობა და მიზნები თანდათან მნიშვნელობას კარგავდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ბევრი ამერიკელი ზურგს აქცევს პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის მომხრენი არიან და მხარს უჭერენ მათ, რომლებიც სამხედრო ხარჯების შემცირებას ქადაგებენ – მაგალითად, დონალდ ტრამპს.

დონალდ ტრამპი არ თვლის, რომ ამერიკამ თავისი ლიბერალური ფასეულობები ყველგან უნდა გაავრცელოს. იგი არც იმის მომხრე არაა, რომ პლანეტაზე მიმდინარე ყველა პროცესში ამერიკა უნდა ჩაერიოს. ამის ნაცვლად დონალდ ტრამპი გადაერთო მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში აშშ-ის გლობალური გავლენის აღდგენაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი რეალისტია და თუ იგი პრეზიდენტი გახდება, მისი ადმინისტრაცია ყველაზე თავშეკავებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

(…)
ნეოკონსერვატორებისაგან განსხვავებით, ტრამპი და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოება დიდწილად თვითონვე უნდა უზრუნველყონ სათანადო დონეზე. საიდუმლო არაა, რომ რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატში ნეოკონსერვატორები (ანტიტრამპისტები) დომინირებენ, მაგრამ ტრამპის მომხრეები მათ სულ უფრო ავიწროებენ. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა იდეები სულ უფრო მეტ პოზიტიურ გამოძახილს პოვებს ამერიკულ საზოგადოებაში. ამას საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებიც მოწმობს.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური ელიტის უმეტესი წარმომადგენლებისათვის ის იდეა, რომ ამერიკამ სხვების საქმეებში ჩარევა უნდა შეამციროს, საშინელებას ნიშნავს.

მათ ცნობიერებაში აშშ-ის ძლიერება – ეს სწორედ სხვა ქვეყნებზე ზეწოლასა და მათ დაშინებაში გამოიხატება. მათ არ ესმით, რომ დონალდ ტრამპის პროგრამა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სწორედ აშშ-ის გაძლიერებისაკენ ანუ გავლენის გაფართოება-აღდგენისაკენ არის მიმართული და არა მხოლოდ იარაღის ძალით.
(…)

მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპი უფრო დამაჯერებლად იმოქმედებს. ამერიკა, მისი ლიდერობით, ზურგს კი არ შეაქცევს მსოფლიო პროცესებს, როგორც ამას მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არამედ უარს იტყვის გადაჭარბებულ ამბიციებზე ახლო აღმოსავლეთში და კვლავ მოუწოდებს თავის შეძლებულ, მდიდარ ევროპელ მოკავშირეებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი ყურადღების კონცენტრირებას ჩინეთზე მოახდენს, რათა პეკინი ეკონომიკურად დაჯაბნოს, ანუ სამხედრო კონფლიქტისა და ახალი ცივი ომის თავიდან აცილების გზით.

(…)
რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მოწინააღმდეგეებს სათანადო პასუხის გაცემის გარეშე დატოვებს (ჩინეთს და რუსეთს). მას შეუძლია მოკავშირეების მიმართაც სიმკაცრე გამოიჩინოს (ვთქვათ, საუდის არაბეთის მიმართ). მაგრამ დონალდ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრევს ამერიკას ახალ ცივ ან ცხელ ომში. მან იცის, რომ ომები და კონფლიქტები აშშ-ის (და საერთოდ არავის) ინტერესებში არ უნდა იყოს. ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ექს-პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკას განიხილავს არა როგორც გეოსტრატეგიული, არამედ გეოეკონომიკური ტერმინებით და ცდილობს კონფლიქტები დაარეგულიროს ეკონომიკური და არა სამხედრო საშუალებებით. „ჩვენ დიდი ეკონომიკური ძალა გვაქვს, მაგრამ თუ მე შევამჩნევ, რომ რომელიმე პრობლემას ეკონომიკური საშუალებით მოვაგვარებ, პრიორიტეტს სწორედ მას მივანიჭებ“, – ამბობდა დონალდ ტრამპი 2019 წელს.

(…)
რუსეთი, რასაკვირველია, შეერთებული შტატების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. კრემლს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო ძალა, მაგრამ ვაშინგტონმა იმასაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ რუსეთი აშშ-ის არსებობას უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის. ამიტომაც უაზრობა იქნებოდა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისათვის ჩეკების გამოწერა უსასრულოდ გააგრძელოს. დაე, რუსეთ-უკრაინის პრობლემა ევროპამ თავისი შესაძლებლობებით მოაგვაროს, ეს ევროპელების საქმეა და მათ უნდა იზრუნონ. თუ ისინი თვლიან, რომ მოსკოვი მათ ემუქრებათ, მაშინ მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას და გააძლიერონ. ამერიკამ „მეგობრული“ ზეწოლა უნდა მოახდინოს ევროპელებზე. ანალოგიურად უნდა იმოქმედოს სამხრეთ კორეამაც – იგი მდიდარია, ვიდრე ჩრდილოეთი კორეა, ამიტომ მან საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს ჩრდილოელი მეზობლის შეკავება. აშშ-ის არაბმა პარტნიორებმა კი უნდა მოახერხონ, რომ ისრაელთან ერთად შეაჩერონ ირანი, ამერიკა კი რეგიონიდან თავის ჯარს გაიყვანს.

რეალობა ისეთია, რომ მსოფლიო ძალთა ბალანსის აღდგენის ფაზაში შედის, ანუ აშშ-ის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ლოგიკური იქნება, რომ ამ ფაზაში მოხდება გარკვეული უთანხმოება, დისჰარმონია, მეტოქეობა (რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდ.კორეიდან), მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურობის მზარდი საფრთხე თვითონ ჰეგემონიდანაც მოდის, რომელიც სხვას გადაჭარბებულად ეხმარება და საკუთარ სისტემას ანგრევს. შეერთებული შტატები სწორედ ასეთი ტიტანის როლშია, რომელსაც სხვების დახმარებაში საკუთარი თავისთვის ძალა აღარ შესწევს. მას საგარეო ვალდებულებების შესრულების უნარი უსუსტდება. სწორედ ამით აიხსნება დონალდ ტრამპის უპირატესობა და მიმზიდველობა თავისი მხარდამჭერებისათვის, რომლებსაც ეზიზღებათ ამერიკის მმართველი კლასის კორუმპირებული წარმომადგენლები – ისინი, რომლებიც მზად არიან სხვებს დაეხმარონ, ამით კიდევ უფრო გამდიდრდნენ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები უყურადღებოდ დატოვონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: