“თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? – იაგო ხვიჩია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს
თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? – „ნაცების“ შეკვეთით შიგნიდან ხომ არ ანგრევთ „ქართულ ოცნებას“?! – ამ კითხვით „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მიმართა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ის გიორგაძის CV-ს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ 2012 წელს „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.
„თქვენ 2018 წელს სასამართლოში იმ საქმეზე დაგკითხეს, როცა „ნაცებმა“ ნატო ჩხეიძეს და მის ოჯახს „იბერია“ წაართვეს. თქვენ, როგორც „იმედის“ იურისტმა, 2012 წლის თებერვალში „იმედს“ გადაუფორმეთ კომპანია, რომელიც სხვას ეკუთვნოდა. თქვენ სასამართლოზე ამბობდით, რომ ამის შესახებ არ იცოდით და მჯერა, რომ ამის შესახებ მართლა არ იცოდით, მაგრამ მაინტერესებს, რატომ დაიწყეთ „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობა? – რატომ შეძვერით გიორგი არველაძესთან?“, – მიმართა ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.
ხვიჩიას პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაუბრუნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხვიჩიას სუსტი საპარლამენტო ხულიგნობით თავის გატანა სურდა.
„გინდათ, რომ განსახილველი საკითხი ეპატაჟში გადაიყვანოთ. რასაც თქვენ აკეთებთ, არის ის, რომ ცდილობთ ადამიანის ღირსებაზე მოქმედებას, რა პროვოკაციასაც ყოველთვის მიმართავთ. ეს კოლეგიალური არ არის – ამით მხოლოდ თქვენი სისუსტე ჩანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ხვიჩიას პასუხად.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.