აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტ ადამიანად და არასაკმარისად მადლიერად აღწერს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენი წიგნში აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში ზელენსკი ზოგჯერ გუნება-განწყობას იცვლიდა და იმაზე ნაკლებ მადლიერებას გამოხატავდა, ვიდრე თავად ელოდა. მემუარები სამშაბათს გამოიცემა.

ამასთან, ბაიდენის შეფასებით, ზელენსკის სამსახიობო წარსული საომარი პერიოდის ლიდერისთვის საკმაოდ სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას ბაიდენი წერს, რომ შეხვედრების დროს მას გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, სკამზე გადაწოლა უყვარდა და მოზარდისთვის დამახასიათებელი მოჩვენებითი გულგრილობით იქცეოდა.

ბაიდენი ასევე იხსენებს, რომ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა ინაუგურაციამდე მას სთხოვეს, ხელი მოეწერა წერილზე, რომელიც მათ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების უფლებას მისცემდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ამაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, მათთვის სრული თავისუფლება მიეცა ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც, მისი აზრით, უკრაინის ხარჯზე დათმობას დაემსგავსებოდა.

მემუარებში ბაიდენი აცხადებს, რომ არ ნანობს არც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას და არც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის გადაწყვეტილებას.

„იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი. ავღანეთში ომის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო", - წერს ბაიდენი.

მისივე განმარტებით, მას არწმუნებდნენ, რომ ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთის დედაქალაქი სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩებოდა.

„დაპირებული ექვსთვიანი ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურა", - აღნიშნავს ბაიდენი.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ბაიდენი იხსენებს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც მრჩევლებთან ხელახლა კენჭისყრის საკითხი განიხილა, მის გადაწყვეტილებას არავინ შეწინააღმდეგებია.

„ყველა თანახმა იყო", - წერს ის.

ბაიდენი აღიარებს, რომ აცნობიერებდა ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებს, მათ შორის ხმის დასუსტებას, სახელებისა და ადგილების არევის გახშირებულ შემთხვევებსა და სიარულის პრობლემებს. თუმცა, მისი თქმით, ხუთი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო. იგი ასევე მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ პარტიას მასზე ძლიერი კანდიდატი არ ჰყავდა.

მემუარებში ბაიდენი წერს, რომ საპრეზიდენტო დებატების შემდეგ კანდიდატურის მოხსნას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ურჩევდნენ. მისი თქმით, პელოსი ცდილობდა, არჩეულ თანამდებობის პირებსა და ბაიდენის დელეგატებს მისთვის მხარდაჭერა შეეწყვიტათ და აფრთხილებდა, რომ გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებდა.

წიგნში ბაიდენი დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებით ის წერს: „ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანას კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ აჯანყებას უძღვებოდა".

ბაიდენის შეფასებით, ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი მოვალეობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უგულებელყოფა იყო.

ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში ტრამპისგან კეთილგანწყობილი წერილი დახვდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი მას მკაცრად აკრიტიკებდა.

„თითქოს ორი დონალდ ტრამპი არსებობდა", - წერს ბაიდენი.

ისრაელზე საუბრისას კი ბაიდენი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებზე მნიშვნელოვანი საკუთარი პოლიტიკური გადარჩენა იყო.