თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის ჯარების ღაზაში განთავსებაზე ვალდებულება არ აუღია
დონალდ ტრამპს აშშ-ის ჯარების ღაზაში განთავსებაზე ვალდებულება არ აუღია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული ღაზის სექტორის აღდგენაში „რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
„პრეზიდენტს არ აუღია ჯარების გაგზავნის ვალდებულება. მოდით, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, რადგან ეს არასტანდარტული იდეაა. ასეთია პრეზიდენტი ტრამპი. სწორედ ამიტომ აირჩია ის ამერიკელმა ხალხმა. მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება რეგიონის ყველა მოსახლისთვის. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ელოდება რეგიონის ქვეყნებისგან აქტიურ მოქმედებას და პალესტინელი ლტოლვილების მიღებას. რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტის განცხადების შესახებ – დიახ, იცოდა. მე არ ვესწრებოდი მის რეაქციას, თუმცა ეს იდეა არის ის, რაზეც პრეზიდენტს ბევრი აქვს ნაფიქრი“, - აღნიშნა ლევიტმა.