თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი” დატოვა
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად წარმოდგენილია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.
„პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.
ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება“, – წერს აქუბარდია.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დინსტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასა და პარტიის პოზიციებს შორის.
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, – წერს აქუბარდია.