1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

379
0

მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან, თელავში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი. შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება.

აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ და წარმატების შედეგებიც სახეზე გვაქვს. წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, 2022 წლის რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნებში უნდა ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება. მინისტრმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში მეტი რესურსი დაიხარჯება, რათა რეალიზაციის კუთხით უკეთესი შედეგი მივიღოთ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.

კახეთში ოთარ შამუგია მევენახე ფერმერებსაც შეხვდა და რამდენიმე ღვინის საწარმო დაათვალიერა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მევენახე დურმიშხან ბერუაშვილს 1,5 ჰექტარზე საფერავი, ქისი და ხიხვი აქვს გაშენებული. მევენახე ფერმერი მოსავლის ნაწილის ღვინის საწარმოში ჩაბარებას, ნაწილის თავად დაწურვას აპირებს. მისი განცხადებით, რომ არა სუბსიდია, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დანახარჯებსაც ვერ აანაზღაურებდა. მევენახე წლებია სარგებლობს სადაზღვევო პაკეტით და სხვა მევენახეებსაც ურჩევს მოსავალი დააზღვიონ. ადგილობრივი მევენახეების განცხადებით, წელს განსაკუთრებულად კარგ მოსავალს ელოდებიან და მოსავლის დაბინავებას ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე დაიწყებენ.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-01 შეუძლია.