1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი -ირაკლი ქარსელაძე
თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი -ირაკლი ქარსელაძე

თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი -ირაკლი ქარსელაძე

140
0

დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

,,ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში.

,,სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.