1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „თბილისი როგორც დენთის ყუთი“ – რას წერს ჟურნალი The Spectator
„თბილისი როგორც დენთის ყუთი“ – რას წერს ჟურნალი  The Spectator

„თბილისი როგორც დენთის ყუთი“ – რას წერს ჟურნალი The Spectator

289
0

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 16 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისი როგორც დენთის ყუთი“ (ავტორი – ივო დეუნი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არასოდეს არ დაიწყოთ ქვეყნის განსჯა და მისი შეფასება აეროპორტისაკენ მიმავალი გზით. საქართველო, თბილისის საერთაშორისო საჰაერო ჭიშკრიდან დაწყებული, დედაქალაქის შუაგულამდე, უზადო შთაბეჭდილებას ტოვებს. საყოველთაოდ ცნობილი ჯორჯ ბუშის (დიახ, სწორედ მისი სახელობის) ქუჩა კეთილმოწყობილია, ასფალტზე დასრიალებენ მდიდრული ელექტრომობილები, იქვეა „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებიც, სადაც საწვავი საკმაოდ იაფად იყიდება. აქ ყველაფერი რიგზეა და ყველაფერში სისუფთავე იგრძნობა. პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის დასუფთავებაც უკვე დასასრულს უახლოვდება – აქ უამრავი ნაგავი ეყარა სამდღიანი საპროტესტო ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

თბილისის ეს ქუჩა კეთილმოეწყო ქვეყანაში მომხდარი ბოლო ეკონომიკური ბუმის დროს, როცა საკმაოდ სიმპათიურმა ახალგაზრდა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხანმოკლე დიდების მწვერვალს მიაღწია. როგორც კენედის სტილის მქონე რეფორმატორმა, მან დაითხოვა ძველი პოლიცია და ახალი შექმნა, დაამარცხა კორუფცია და ქვეყანაში წესრიგი მეტ-ნაკლებად დაამყარა, აიღო კურსი ნატოსა და ევროკავშირისაკენ… მაგრამ შემდეგ მკაცრ ავტორიტარულ მმართველად გადაიქცა. დღეს იგი პატიმარია და საავადმყოფოში მკურნალობს: ოდესღაც მისი 120-კილოგრამიანი წონა ამჟამად ორჯერაა შემცირებული. მოარული ხმებით, იგი ჭკუასუსტობით იტანჯება და სავარაუდოდ, მოწამლეს კიდეც.

საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნის დაპყრობას უამრავი მტერი ცდილობდა – რომაელები, სპარსელები, მონღოლები და, რა თქმა უნდა, რუსებიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდნენ და აკონტროლებდნენ საქართველოს – მდიდარ ქვეყანას თავისი ვენახებით, ხილის ბაღებით და ბოსტნეულის ველებით, რასაც ხელს უწყობს რბილი კლიმატის არსებობა. კავკასიის ქედი საქართველოსთვის თითქოსდა ბუნებრივი თავდაცვითი ზღუდე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ მოხდა [2008 წელს]. დღეს როცა ოდესღაც მხიარული პრეზიდენტი, როგორც მისი მხარდამჭერები ამბობენ, სიკვდილის პირზე დგას, ქვეყანა სავსეა რუსი და უკრაინელი მოქალაქეებით – რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზაციას გამოექცნენ, უკრაინელები კი რუსების მიერ დაწყებულ ომს. სამწუხაროდ, იძულებით ადგილმონაცვლეთა (რუსების) და ლტოლვილთა (უკრაინელების) მოზღვავებამ საქართველოში და თბილისში, ყველაფერზე ფასების მატება გამოიწვია. ქვეყანა ბალანსს იცავს ყველასათვის საშიში რუსული დათვის წინაშე, რომელიც მას, სავარაუდოდ, აპოკალიფსით შეიძლება დაემუქროს.

საქმე იმაში არ არის, რომ საქართველოს მსგავსი საშიში მოვლენები ადრე არ გადაუტანია – ქართველებს 1992 წლიდან ასეთი კონფლიქტები ბევრი უნახავთ, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებთან ბრძოლის დროს. შემდეგ იყო 2008 წელი, როცა, ბევრის აზრით, რუსული პროვოკაციის გამო დაწყებული ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დევნილად იქცა. დღეს საქართველო და უკრაინა (თავისი დონეცკითა და ლუგანსკით) ერთმანეთს ჰგავნან: რუსეთის არმიას ორივე სახელმწიფოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვს ოკუპირებული. 

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ასეთ სიტუაციაში? 

თუ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლს, 75 წლის თამარს ჰკითხავთ, ან ყოფილი საბჭოთა წითელი არმიის ვეტერანს, 62 წლის ტარიელს, ისინი ასე გიპასუხებენ: „რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოხდეს“. ორივემ თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა მოქალაქის სტატუსით გაატარა, ორივე თანახმაა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ თვლიან, ნატოს წევრობა ზედმეტი იქნება, რუსეთის მუქარების გამო: იმიტომ, რომ „სადაც რუსები შედიან, იშვიათად თუ უკან გადიან“, – ამბობს ტარიელი.

ალბათ, ასაკსაც მნიშვნელობა აქვს. 31 წლის საბა ბუაძე, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო, თბილისის საკრებულოს წევრია [ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“] და ამტკიცებს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 85% დასავლეთის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის მომხრეა. იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეგნებულად ამუხრუჭებს ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს. ამის ნათელი მაგალითია ბოლოდროინდელი მოვლენები, რომელიც ხელისუფლების მიერ შემუშავებულ „უცხოელი აგენტის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.

საბა ბუაძე თავის თავს „მემარჯვენე ცენტრისტს“ უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ მასში რევოლუციონერიც არის. „მმართველი პარტია ელექტორატით მანიპულირებს და აცხადებს, თითქოსდა დასავლეთთან ინტეგრირება რუსეთთან ომს გამოიწვევს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დასავლეთს ჩვენი, ქართული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტურობის დარღვევა სურს. თუმცა გასული კვირის პროტესტებმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მმართველი პარტიისა არ სჯერა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპროტესტო აქციებმა აჩვენა – ჩვენ რუსეთის ხელში აღარ აღმოვჩნდებით“, – ამბობს საბა.

დღევანდელი თბილისი რამდენადმე მოგვაგონებს 1930-იანი წლების ბუქარესტს ბრიტანელი მწერალი ქალის ოლივია მენინგის ბალკანური ტრილოგიიდან: დენთის საწყობი, სადაც რაღაც არასასიამოვნო შეიძლება მოხდეს. შეთქმულების თეორიის მომხრენი (რომლებიც, სხვათა შორის, ყოველთვის არ სცდებიან), თვლიან, რომ ერთადერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას თოჯინებივით მართავს. მან 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება“ დააარსა, დაამარცხა მიხეილ სააკაშვილის პარტია, მცირე ხანს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, შემდეგ კი განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა მთავრობაში ისევ მისი ერთგული ადამიანები არიან.

საბა ბუაძე, რომელიც მცირე ხნის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობდა, თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი „ბეწვის ხიდზე“ დადის. თუ ის მხარს დაუჭერს რუსეთს, დაკარგავს თავის დასავლურ აქტივებს, ხოლო თუ დასავლეთს დაუჭერს მხარს, ის ისეთ რაღაცას დაკარგავს, რომლის აღდგენა ძალიან რთული იქნება. ორი წლის წინ განდეგილი მილიარდერი თითქოსდა პრაქტიკულად გაქრა, თუმცა… თბილისის ზემოთ, ძველი ქალაქის მაღლა, მთაზე შენობა ბრწყინავს, რომელიც აეროპორტის ტერმინალს ჰგავს. ეს ბიძინა ივანიშვილის სახლია. იგი თავისი მტრებისათვის „ბოროტი სვენგალია“ [1931 წლის ფილმ-საშინელებიდან], ან „დოქტორი ნოუ“  [„ბონდიანის“ 1962 წლის პირველი ფილმიდან], რომელიც ყველაფერს ფლობს და არავის არ ელაპარაკება, ალბათ, კრემლის გარდა“.

წყარო