შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა, დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს.
„შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ: განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026"-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შსს-გან მიიღო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების მოთხოვნით რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეიძლება, რაც, მისივე თქმით, აბსოლუტურად არაკანონიერია.
