1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ქვეყანა ციხიდან მართოს? -ავთანდილ წულაძე
შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს  ქვეყანა ციხიდან მართოს? -ავთანდილ წულაძე

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ქვეყანა ციხიდან მართოს? -ავთანდილ წულაძე

255
0

ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34-ვე ბრალდებით.

მოსამართლე ტრამპის სასჯელის საქმეზე გადაწყვეტილებას 11 ივლისს მიიღებს. ტრამპს აქვს გასაჩივრების უფლება და ასევე ინარჩუნებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას. ექსპერტების თქმით, ტრამპს შესაძლოა პირობითი სასჯელი ან პატიმრობა დაემუქროს.

თუ ტრამპი ციხეში წავა, აშშ-ს ისტორიაში უნიკალური პრეცედენტი შეიქმნება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის კანდიდატი ციხიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

აშშ-ის კონსტიტუცია არ უკრძალავს ციხეში მყოფ პირს არჩევნებში მონაწილეობას ან თუნდაც პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.

თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მაშინ მსოფლიო გახდება უნიკალური შოუს მომსწრე, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ აქვს.
დავუშვათ, ტრამპს აქვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პოპულარული კანდიდატები არ ჰყავს. ნიკი ჰეილიმ საარჩევნო რბოლა დატოვა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის კანდიდატურას. რესპუბლიკელები იძულებულნი იქნებიან დონალდ ტრამპი დაასახელონ თავიანთ ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად ივლისის ყრილობაზე.

ტრამპი საარჩევნო კამპანიას ციხიდან განახორციელებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საპრეზიდენტო მოვალეობას ციხის საკნიდანაც შეასრულებს. მასთან ერთად საკანში იქნებიან პრეზიდენტის საიდუმლო სამსახურის წევრები. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტებს გამართავს. არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ტრამპს ციხეში ესტუმროს, რათა ხილი და თბილი ტანსაცმელი გადასცეს და ამავდროულად მსოფლიო პრობლემები განიხილოს.

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ სცენარისტებსაც კი არ მოუფიქრებიათ ასეთი სიუჟეტი, მაგრამ ეს სცენარი საკმაოდ რეალურია.  თუ ეს სცენარი ახდება, ეს იქნება დონალდ ტრამპის კარიერის საუკეთესო შოუ.

ასეთი სცენარი საგრძნობლად ზრდის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკურ წონას. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი, იმპიჩმენტის გამოცხადების დიდი ალბათობაა. ამ შემთხვევაში ტრამპის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს.

ტრამპს ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატი ამ პოსტზე. ნიკი ჰეილის არჩევნებიდან გასვლა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ტრამპსა და ჰეილის შორის  კულისებში იყო მიღწეული გარკვეული შეთანხმება. ნიკი ჰეილი რესპუბლიკურ პარტიაში „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია, რომელიც ტრამპისტების რადიკალურ ფრთას ეწინააღმდეგება. მაგრამ ნიკი ჰეილი არ არის საკმარისად პოპულარული, რომ მოიგოს არჩევნები. დონალდ ტრამპი კი გამოცდილი შოუმენი და პოპულისტია. მისი ციხეში ჩასმა მის ირგვლივ „მსხვერპლის“ იმიჯს შექმნის და ტრამპის საარჩევნო კამპანია გადაიქცევა რეალითი შოუდ, რომელიც პოპულარობით ყველა დანარჩენს გადააჭარბებს.

დონალდ ტრამპი არის რესპუბლიკელების „ჯოკერი“, რომელიც მათ არჩევნებში მოგების საშუალებას მისცემს. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, ტრამპი არ შეეფერება რესპუბლიკური პარტიის „ძველ გვარდიას“. მაშინაც კი, თუ ტრამპის იმპიჩმენტი არ მოხდება, ციხეში ყოფნისას ტრამპი ვერ შეძლებს სახელმწიფოს ოპერატიული კონტროლის განხორციელებას. ამას ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

სხვა სცენარის მიხედვით, თუ დონალდ ტრამპი კრიმინალი გახდება, ის დაკარგავს მხარდაჭერას გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის. ამ არჩევნების შედეგს მერყევი ამომრჩეველი გადაწყვეტს.

ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატები მალე გაიმართება. ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა მოიგო დებატები ტრამპის წინააღმდეგ. ახალი დებატების წინ ბაიდენს აქვს გარკვეული ბერკეტები, რათა ტრამპი ცუდად გამოიყურებოდეს. ჯერჯერობით, ტრამპმა დამარცხება განიცადა იურიდიულ ნაწილში. თუ ის წააგებს პოლიტიკურ ასპარეზზე, „მსხვერპლიდან“ სრულ პოლიტიკურ აუტსაიდერად გადაიქცევა. ამერიკელი ამომრჩევლები  ამას არ აპატიებენ. მათ უყვართ გამარჯვებულები.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი