1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

516
0

 

 

“უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

 

საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში.

 

პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვე-ნახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა.

 

პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა.

 

სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და „საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ „ისფედმა“ უწოდა.

 

როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო „ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოს და ბოლოს, მან ამ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო.

 

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს.

 

პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც – მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

 

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ „ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.

 

როდესაც ამის შემდეგ საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა.

 

საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია – ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს.

 

რას შეიძლება, უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს.

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა.

 

როდესაც საელჩოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა – მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა – ასეთი „დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს.

 

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ – რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო – გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა.

 

ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის.

 

ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს.

 

წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია”, – ნათქვამია განცხადებაში.