1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს

1.48K
0

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, – ამის შესახებ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ (𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢) განცხადებაშია ნათქვამი.

„მოგეხსენებათ, დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს, ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი. მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან. ამის შემდეგ, სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.

და ბოლოს, თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო 𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢 აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.