1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს” – Le Figaro
“საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს” – Le Figaro

“საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს” – Le Figaro

156
0

ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს“ (ავტორი – იზაბელ ლასერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„იმ ანალიზების მიხედვით, რომლებიც ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანი იპოვეს. მისი გარემოცვა ხელს რუსეთისაკენ იშვერს – ეს ყველაფერი კრემლის ნამოქმედარიაო.

55 წლის მიხეილ სააკაშვილი თბილისის საპყრობილის საკანში მოწამლეს, რომელიც დარიშხანისა და ვერცხლისწყლით განხორციელდა, – ასეთია ამერიკელი ექიმების ვერდიქტი, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ორგანიზმის მიერ გამოყოფილ მასალები გამოიკვლიეს. განსაკუთრებით მკაფიო ფორმულირებას აკეთებს სან-ფრანცისკოელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომლის მიერ შედგენილი სამედიცინო დასკვნა „ფიგაროს“ რედაქციამ მოიპოვა. დასკვნა ეჭვს არ ტოვებს: „მიხეილ სააკაშვილის თმებში და ფრჩხილებში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის კვალი აღმოჩნდა. იგი მოწამლულია მას შემდეგ, რაც დაკავებული იქნა და საპყრობილეში მოათავსეს“.

ექს-პრეზიდენტის ორგანიზმის მასალები ორი დამოუკიდებელი ამერიკული ლაბორატორიის მიერ იქნა გამოკვლელი. ხუთი სპეციალისტის ვერდიქტი (რომელთაგან ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატია მედიცინის დარგში) ერთმნიშვნელოვანია: „სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი ვერ გადარჩება. თუ მას დაუყონებლივ არ გადაიყვანენ ამერიკულ ან დასავლეთევროპულ რომელიმე კლინიკაში ადექვატური მკურნალობის მიზნით, იგი პირდაპირ საპყრობილეში მოკვდება“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2004-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის „თვალში ჩავარდნილ დირეს“ წარმოადგენს. ქართველმა ლიდერმა თავისი პიროვნული ძალისხმევით საქართველო ევროკავშირს დაუახლოვა. მან რეფორმები სპრინტერულ ტემპში განახორციელა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა და გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა (მისი დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვთან ახლოს დგას), მიხეილ სააკაშვილს „ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობის“ ბრალდება წაუყენეს, მან თავს სამშობლოდან გაქცევით უშველა. იგი საქართველოსთვის „პერსონა ნონ-გრატად“ იქცა. მოგვიანებით, როცა 2015 წელს იგი უკრაინაში ჩავიდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო [და მისმა მეგობარმა] პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი, თავისი ვულკანური ტემპერამენტის წყალობით, ძალიან მალე დაუპირისპირდა პეტრო პოროშენკოს, რომელმაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

 ამასობაში კი საქართველოს ახალმა მთავრობამ რეფორმების განხორციელების ტემპს მოუკლო… როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, თბილისმა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. ქვეყანაში გახშირდა კანონდარღვევევბი, ეჭვქვეშ დადგა კანონის უზენაესობის პრინციპი, დააკავეს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი და მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2021 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თავისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელების მიზნით, მაგრამ მისი მოლოდინები არ გამართლდა. როგორც კი მან საქართველოს მიწაზე ფეხი დაადგა, იგი დააკავეს და საპყრობილეში მოათავსეს. მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა დაიწყო 2021 წლის ნოემბერში, რომელშიც რუსეთის საფირმო სტილი შეიმჩნეოდა… პატიმრობის პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში, ექს-პრეზიდენტმა წონაში 30 კილოგრამი დაიკლო, თუმცა ამ ფაქტს [საქართველოს ხელისუფლებაზე] სათანადო შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ცინიკური განცხადება გააკეთა – „ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემაო“.

საქართველოს პრეზიდენტმა კი, საფრანგეთის ყოფილმა ქალმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა რატომღაც უარი თქვა თავისი უფლების გამოყენებაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხში.

————

„ფიგაროს“ მკითხველებმა სტატიას კომენტარები გაუკეთეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„ამერიკელი ექიმების დასკვნა მე მაგონებს კოლინ პაუელს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, როცა მან გაეროში მოხსენების დროს დელეგაციებს სინჯარა აჩვენა, ვითომდა ერაყში წარმოებული „ბაქტერიოლოგიური იარაღის“ დადასტურებად“.

„რა კარგ პერსონაჟად არის წარმოდგენლი მიხეილ სააკაშვილი… მაგრამ რატომღაც ის არ არის დაწერილი, რომ მისი საპყრობილეში ჯდომა მისივე ავანტიურიზმის შედეგია. ახლა თითქოს რუსებს სურთ მისი მოწამვლა, მაგრამ ამერიკელო ექიმებო, რატომ არ დაფიქრდებით იმაზე, რომ იქნებ ეს ყველაფერი ამერიკელებმა გააკეთეს? იმდენი ფული ჩადეს მასში, ის კიდევ იდიოტი აღმოჩნდა“.

„საქართველოს პრეზიდენტს, საფრანგეთში გაზრდილ-აღზრდილ ქალბატონს, ალბათ, შეუძლია აჩვენოს, რომ იგი ქვეყნის პრორუსული მთავრობის პაიკი არ არის. მაგრამ, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა თავისი მორალი საკუთარ ამბიციებს შესწიროს“.

წყარო