1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ -Region Plus
“საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ -Region Plus

“საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ -Region Plus

160
0

აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში Region Plus-ში (გამოდის თვეში ორჯერ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ (ავტორი – ნურანი), რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე დაპირისპირება – კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში არსებული უთანხმოება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირებით არის განპირობებული: პრეზიდენტი დასავლეთისკენ, პრემიერი – რუსეთისაკენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს პარლამენტში მომხდარი მოვლენა – საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელება – ალბათ, არამარტო ქვეყნის პოლიტიკური ისტორიაში, არამედ შესაძლოა მთლიანად რეგიონის ისტორიაშიც შევიდეს. მაგრამ განა დასრულდა ამით ყველაფერი? შეიცვლება თუ არა თბილისის პოლიტიკა – რა გავლენას მოახდენს დაპირისპირების გაგრძელება სამომავლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე?

პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას, უფრო ზუსტად კი პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებას საკმაო ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად უთანხმოების გამწვავებას ბიძგი საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა მისცა: ევროკომისიამ ტრადიციული „აღმოსავლეთის სამეული“ – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ერთმანეთისაგან განაცალკევა და უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი უსტატუსოდ დატოვა, სამაგიეროდ თბილისს 12-პუნქტიანი მოთხოვნა მისცა შესასრულებლად.
პრეზიდენტმა საქართველოს საკითხის გადადების მიზეზი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკაში დაინახა და შეეცადა რუსეთისადმი ლოიალური კურსის გატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, როგორც რუსული კანონების გადმოღების მცდელობა ქართულ კანონმდებლობაში და მათ ვეტოები დაადო, ასევე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის ლიდერებიც, რომლებიც თბილისისაგან ანტიკრემლური პოზიციის უფრო მკვეთრ გამოხატვას მოითხოვენ – საქართველო უნდა შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებსო. თბილისი კი არ ჩქარობს, რაც პრეზიდენტს არ სიამოვნებს.

არის იმის ცდუნება, რომ ითქვას – საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულია და შესაბამისად, მთავრობაც რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მას დაჭერილი ჰყავს პროდასავლელი პოლიტიკოსი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რომ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლებიდან ფრანგული ფესვების მქონე პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილის გაძევება სურს. ანუ ყველაფერი მართლაც რუსეტს უკავშირდება. მაგრამ სიტუაცია არც ასე ერთმნიშვნელოვნადაა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერცერთი პრორუსული პარტია ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწევს. შეიძლება იყონ რუსეთის მიმართ ხისტი და რბილი პოლიტიკის მომხრეები, მაგრამ ქვეყანაში ყოველი პრორუსული პარტია მარგინალად არის განწირული. დიახ, „ქარტული ოცნება“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მაგრამ „მეოცნებე“ პოლიტიკოსებსა და ნინო ბურჯანაძის ტპის პოლიტიკოსებს შორის უდიდესი განსხვავებაა. თანაც არც ისე იოლი არ არის პასუხის გაცემა იმაზე, თუ რით იწყება და სათ მთავრდება „ქართული ოცნების“ გადამეტებული ლოიალობა რუსეთის მიმართ და კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს ანტიდასავლურობა (ანტიევროპული კურსი).

სანქციებთან დაკავშირებითაც საკითხი მარტივი არ არის. ვალდებულია თუ არა საქართველო, რომელიც ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის (არც კანდიდატის სტატუსი არ აქვს), ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდეს. კი, ეს კარგი საშუალებაა დასავლელ პარტნიორებს შენი ერთგულება აჩვენო და დაუმტკიცო, მაგრამ როგორი იქნება ასეთი ნაბიჯის ფასი? საქართველო ტრადიციულად ძალიან არის დამოკიდებული თავის ჩრდილოელ უშუალო მეზობელზე ეკონომიკურად. ასეთი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა არ შეცვლილა „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, როცა მის მთავრობაში რუსი ოლიგარქი კახა ბედუქიძე მინისტრი იყო. ასე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, ღვინო – ეს ყველაფერი რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გადის და ამის ალტერნატივა არ ჩანს. გარდა ამისა, თბილისი „ევროკავშირის კანდიდატობის კანდიდატად“ ითვლება და არ არის ნატოს წევრი. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ფრთხილად და რატომ უნდა გააკეთოს ზედმეტი მოძრაობები მოსკოვურ ტრეკზე? საქართველოს ნამდვილად აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოება საკუთარი შეხედულებით დაიცვას. უფრო მეტიც, ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ე.წ. „ხუთდღიანი ომი“, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და როცა თბილისს დასავლეთისაგან პრაქტიკულად არავითარი ქმედითი და კონკრეტული დახმარება არ მიუღია. ასე რომ, პრინციპში, გასაგებია, თუ რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას გარისკვა რუსეთის მიმართ.

გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას რუსეთთან დამოკიდებულებით ხსნიან. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ საზოგადოების წინაშე თავიანთი პოლიტიკური თამაშები სწორედ ასე წარმოაჩინონ.

და მაინც, რით გამოიხატება საქართველოს ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზი?

თეორიულად, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება იზეიმოს – მან პოსტი შეინარჩუნა (ეს „ქართული ოცნებისათვის“ მოსალოდნელი იყო). თუმცა მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი უკვე „კოჭლ იხვად“ არის გადაქცეული და მას არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ მისი უფლებები ისედაც შეკვეცილი და სიმბოლურია.

არადა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს „ევროპული ოცნების“ სიმბოლო ყოფილიყო. ემიგრანტების შვილი თავის ისტორიულ სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით დაბრუნდა, საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა… მაგრამ ქართული ფესვების მქონე ფრანგი ქალის ლამაზ ისტორიას, რომლის თანახმად, პარიზული სენის ნაპირიდან თბილისური მტკვრის ნაპირზე ბრუნდება და ქვეყნის ევროპული კურსით წაყვანა სურს, ხელს ერთი გარემოება უშლის: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ პოულობს საერთო ენას ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. იგი მცირე ხანს იყო მიხეილ სააკაშვილის გუნდში და შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის ოპოზიციაში გადავიდა, მოგვიანებით მიუერთდა „ქართული ოცნების“ კოალიციას, მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, მათთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა. მიზეზი, ალბათ, პრეზიდენტის რთულ ხასიათში არ უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხედვებისათვის ქართული ნიადაგი მაინცდამაინც ბარაქიანი არ არის.

წყარო