“რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ” – დავით ნარმანია
ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი ხდება რუსეთიდან.
„ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. როგორც წესი, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, გააჩნია რომელ პერიოდში რომელ ქვეყანას რა ფასის შეთავაზება შეუძლია. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს შესაძლებლობა როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოვიტანოთ, რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, 90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს. ამდენად, რუსეთზე დამოკიდებულება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.