რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ესპანური გამოცემა El País-ის ინფორმაციით, დუბლინის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ფორმატს, რომელშიც რუსეთთან ტექნიკურ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობა არ ექნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს. გამოცემის წყაროების თანახმად, მისი პროცესს მიღმა დარჩენა მხოლოდ იმ ფაქტით არ აიხსნება, რომ რუსეთმა კალასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საკითხის უფრო ფართო კონტექსტი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვას უკავშირდება, რისთვისაც ტექნიკური ან ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატი მიიჩნევა საჭიროდ.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობას ემხრობიან, მაშინ როდესაც ბალტიის ქვეყნები და ფინეთი ერთიანი ევროპული წარმომადგენლობის შექმნას, მათ შორის კაია კალასისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას მონაწილეობით, უჭერენ მხარს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის ერთიანი პოზიციის არარსებობამ შესაძლოა, რუსეთს ევროპული ქვეყნების მიმართ საკუთარი პირობების წამოყენების შესაძლებლობა მისცეს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში მიიწვია.
