როგორ აღმოჩნდა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი ფინელი კრიმინალების ხელში?
უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი ფინელი კრიმინალების ხელში აღმოჩნდა – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ფინეთის კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კომისარმა, კრისტერ ალჰგრენმა გააკეთა. კერძოდ, საუბარია საბრძოლო შაშხანებზე.
მისი ინფორმაციით, უკრაინიდან შეტანილი იარაღი აღმოჩენილია როგორც ფინეთში, ისე შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებშიც.
ალჰგრენის თქმით, ფინეთში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები დაინტერესებული არიან უკრაინიდან სხვადასხვა სახის იარაღის კონტრაბანდით.
მისივე ინფორმაციით, იარაღის ფინეთში შეტანა ხდება საერთაშორისო დონეზე მოქმედი ბაიკერების კლუბების დახმარებით, რომლებიც დაკავშირებული არიან კრიმინალებთან. მაგალითად, დასახელებულია ბაიკერების კლუბი „ბანდიდოს ემსი“, რომელსაც ფილიალი ყველა უკრაინულ ქალაქში აქვს. პოლიციის ცნობით, უკრაინიდან ფინეთში იარაღი სავარაუდოდ ზღვით ხვდება, რადგან პორტები უფრო ნაკლებად კონტროლდება, ვიდრე აეროპორტები.
სხვა დეტალებზე პოლიციაში ჯერ არ საუბრობენ, რადგან დაზვერვა ინფორმაციის შეგროვებას ცდილობს.
ამასთან, ფინეთის პოლიციაში შექმნილი მდგომარეობა იუგოსლავიის ომს შეადარეს, როდესაც კონტრაბანდული იარაღი ევროპის არაერთ ქვეყანაში მოხვდა.
„უკრაინა იღებს დიდი რაოდენობით შეიარაღებას და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ მასთან საქმე ათწლეულების განმავლობაში გვექნება. ეს არის ფასი, რომლის გადახდაც მოგვიწევს“, – განაცხადა ფინელმა კომისარმა.
ივლისში „ევროპოლმა“ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ კრიმინალური დაჯგუფებები ისარგებლებენ უკრაინაში ომით და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკრაინიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონტრაბანდას ეცდებიან. „ევროპოლში“ ვარაუდობენ, რომ კრიმინალები უკრაინისა და ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ იარაღის სამალავების მოწყობას აპირებენ, რათა შემდეგ მათი კონტრაბანდა მარტივი იყოს.