ბრიტანულ ჟურნალ The Spectator-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "დონალდ ტრამპი არასოდეს არ იქნება „კოჭლი იხვი", რომლის ავტორია ფრედი გრეი, მთ. რედაქტორის მოადგილე და იმავდროულად ჟურნალის ამერიკული ვერსიის რედაქტორი. იგი საინტერესო ანალიზს აკეთებს დონალდ ტრამპის მოქმედების შესახებ კონგრესის შუალედური არჩევნების წინ და ასკვნის: რესპუბლიკელები რომც დამარცხდნენ არჩევნებში, დონალდ ტრამპი არასოდეს არ იქნება „კოჭლი იხვის" როლში, პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი გავლენა არ შემცირდეს - იგი მძვინვარე ვეფხვს დაემსგავსება.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში არსებულ ყველა გაცვეთილ კლიშეს შორის, რომლებიც მმართველობას ეხება, „კოჭლი იხვის" (lame duck) ცნება, ალბათ, ყველაზე უარესია. ის აღნიშნავს თანამდებობის პირს, არჩეულ ლიდერს, განსაკუთრებით პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილების ვადა იწურება და რომლის შემცვლელიც უკვე არჩეულია ან მალე აირჩევა. შესაბამისად, მისი პოლიტიკური გავლენა და ძალაუფლება საგრძნობლად მცირდება.
აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ორიოდე დღე რჩება. მიმომხილველებმა ხომ რაღაც უნდა თქვან შუალედურ არჩევნებზე? და რადგან, სავარაუდოდ, სამშაბათს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტია დამარცხდება, უნდა ველოდოთ უამრავ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ რამდენად „დაკოჭლებული იხვია" პრეზიდენტი.
კონგრესში პოზიციების შესუსტება „იხვ დონალდს" უკან, მისთვის საყვარელ როლში დააბრუნებს - „აუტსაიდერის" როლში, რომელიც გააფთრებული ებრძვის ვაშინგტონის ისტებლიშმენტს. თუ რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას დაკარგავენ (როგორც გამოკითხვების ავტორთა უმეტესობა ვარაუდობს), მაშინ იტყვიან, რომ ტრამპი „გაანადგურეს" და „დაამცირეს". ხოლო თუ დემოკრატები მხოლოდ წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებენ (რაც თითქმის გარანტირებულია), მაგრამ სენატში გამარჯვება მცირე სხვაობით ხელიდან გაუსხლტებათ, ექსპერტები მაინც იტყვიან, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა „პარალიზებულია" და „შეზღუდული".
მაგრამ ეს ყველაფერი არასწორია და მცდარი. ვის სჯერა სინამდვილეში, რომ დონალდ ტრამპი, თუ მას კონგრესში უმრავლესობა აღარ ეყოლება, უცებ თავშეკავებული და მორჩილი გახდება?
თავისი ყველა წარუმატებლობისა და შეცდომების მიუხედავად, თეთრი სახლის მეთაური უფრო მეტად არის პოპულარული, ვიდრე კაპიტოლიუმის მობინადრეები. ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ კონგრესში დონალდ ტრამპის საქმიანობას მხოლოდ 10%-იანი რეიტინგი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, დონალდ ტრამპი მოსახლეობაში 36%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ამერიკელები კონგრესს არაეფექტური მუშაობისათვის აკრიტიკებენ. დონალდ ტრამპმა ეს კარგად იცის და ამიტომ იგი თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან კონგრესთან თითქმის არ მუშაობდა: „კანონმდებლებთან ურთიერთობა ძალიან მოსაწყენია" - ალბათ, სოციალურ ქსელში რომ დაეწერა, ასე ჩამოაყალიბებდა თავის აზრს. ერთადერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ მიიღო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში, იყო „ერთი დიდი მშვენიერი კანონი" (One Big Beautiful Bill) ანუ ბიუჯეტის საერთო პაკეტი, რომელსაც მან ხელი შარშან მოაწერა.
ყველა დანარჩენ საკითხებზე - ტარიფებიდან დაწყებული, დანაშაულებებთან და DEI-თან („მრავალფეროვნება, ერთობა და ინკლუზიურობა") ბრძოლით დამთავრებული - დონალდ ტრამპს თავში, ალბათ არასოდეს მოსვლია აზრი, რომ წინასწარ ამ ყველაფრისათვის კონგრესის ნებართვა (მხარდაჭერა) ეთხოვა. ირანთან ომიც ისე დაიწყო, რომ კონგრესმენები არც გახსენებია. მას შემდეგ ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებს ყურადღებას აღარ აქცევს. ასე რომ, სრულიად დაუჯერებელი და მოულოდნელი იქნებოდა, პრეზიდენტი რომ კონსტიტუციური ნორმების მორჩილ დამცველად გადაიქცეს, თეთრ სახლში ყოფნის დარჩენილ 27-თვიან პერიოდში.
მას შეუძლია მოხერხებულად „მიაყენოს დარტყმები" დემოკრატებს, შესთავაზოს მათ ისეთი კანონების მიღება, რომლებიც მათ თითქოსდა სურთ - ვთქვათ, ახალი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის თაობაზე, რომელიც ჰელიოელექტროსადგურების ან მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობის თაობაზე, მაგრამ დონალდ ტრამპისათვის უფრო საიმედო წესად ითვლება ის, რომ იგი „უარესად გიჟი გახდეს, ვიდრე მოჭკვიანდეს". ანუ უფრო მოსალოდნელია ის, რომ იგი გაორმაგებულ-გასამმაგებულად იმოქმედებს და კონგრესს შეუტევს. ახლა, როცა იგი 80 წლისაა და მისი პოლიტიკური მომავალი ყოველდღიურად მოკლდება, ხოლო მისი აზრები სრულიად მოულოდნელ და უცნაურ სახეს იღებს, იგი შეიძლება საბოლოოდ გამოვიდეს კონტროლიდან ან იმ „ალკოჰოლიკს" (ლოთს) დაემსგავსოს, რომელმაც „ბარში ბოლო სირჩა შეუკვეთა"... და როცა იგი რესპუბლიკურ უმრავლესობას დაემშვიდობება (რომელიც მას, რა დასამალია და არცთუ იშვიათად აღიზიანებდა კიდეც) პრეზიდენტს შეუძლია ღრმად ამოისუნთქოს და თავი შეუზღუდავად იგრძნოს.
კონგრესში თავისი რესპუბლიკური პარტიის პოზიციების შესუსტება დონალდ ტრამპს უბიძგებს, რომ იგი აუტსაიდერის საყვარელ როლს დაუბრუნდეს, რომელიც ვაშინგტონელ კანონმდებელთა წინააღმდეგ გამოდის: დაიწყებს ბრძოლას კანონით კანონის წინააღმდეგ, შეურაცხყოფით შეურაცხყოფის წინააღმდეგ, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო ხისტი ინსტრუმენტებით დაუპირისპირდება.
რა თქმა უნდა, ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპს სხვებისგან საიდუმლოდ სურს, რომ მისი პარტია არჩევნებში წარუმატებლად გამოვიდეს. წაგება მისთვის წყევლის ტოლფასია. „ძალიან გთხოვთ, სიტუაცია ისე წარმოიდგინოთ, თითქოს არჩევნებში მე ვმონაწილეობ", - ამბობს იგი და აშკარად უკავშირებს თავის მდგომარეობას არჩევნებს , - თუ არ იაქტიურებთ, არჩევნების შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან შეიძლება სამუდამოდ დაშორება მოგვიწიოს", - წერს იგი ერთ-თავის ელექტრონულ წერილში, რომელშიც ხშირად გამოსჭვივის მოწოდებები საარჩევნო თანხების შესაგროვებლად, - „ნუ ჩამაყენებთ ისეთ სიტუაციაში, რომ დაგემშვიდობოთ... დემოკრატები პირველივე დღეს მომიწყობენ იმპიჩმენტს".
ეს უკვე გაზვიადებულია. მისმა მტრებმა მშვენივრად გააცნობიერეს, რომ დონალდ ტრამპის სამართლებრივი დევნა უშედეგოა, რადგან ამით იგი უფრო ძლიერდება. მაგრამ დემოკრატებიც ყველანაირად ეცდებიან ისარგებლონ თავიანთი უმრავლესობით კონგრესში, რომ თეთრი სახლი დაჩაგრონ. მათ უმრავლესობა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაშიც რომ მოიპოვონ, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ თეთრი სახლისთვის თანხების გამოყოფის საბიუჯეტო პროცესი, რათა ის დაბლოკონ ან გააჭიანურონ და თეთრი სახლი ქაღალდომანიაში ჩაძირონ. დემოკრატები ისარგებლებენ პალატის საზედამხედველო კომიტეტებითაც და დაიწყებენ დონალდ ტრამპის „თანამდებობრივი დანაშაულებების" უსასრულო გამოძიებებს, ვთქვათ, თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზში გამართული შეწირულებებისა და კრიპტომაქინაციების შესახებ, ანდა იმ ფინანსური სქემების თაობაზე, რომლებმაც მისი შვილები და გარემოცვის წევრები გაამდიდრეს.
დემოკრატები კარგად ხედავენ, რომ გამოკითხვების თანახმად, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-ს და თითქმის 50%-ს იმათგან, ვინც ხმა დონალდ ტრამპს მისცა 2024 წელს, „ძალიან" და „საკმაოდ" აღელვებთ „კორუფციის ან ინტერესთა კონფლიქტის" ფაქტები ამჟამინდელ ადმინისტრაციაში
ამგვარი წნეხის ქვეშ მოქცეული დონალდ ტრამპის მანქანა უკვე შეფერხებას განიცდის. როგორც ამბობენ, 30 ოქტომბერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზი უაილსმა სპეციალური „პანიკური" თათბირი ჩაატარა, რათა განეხილა სხვადასხვა კორუფციული ბრალდებების შედეგები. გამოჟონილი ინფორმაციით, დონალდ ტრამპი განსაკუთრებით გაბრაზებულა ორი გამოცდილი თანამშრომლის ქრის ლაჩივიტისა და ჯეიმს ბლერის გამო, რომლებიც ბოსია-ჰერცეგოვინაში იმყოფებოდნენ საკმაოდ მომგებიანი პირადი საქმიანი კონსულტაციების ჩატარებისათვის. ხმები დადის, რომ ორივე გადადგება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში (და პარტიაშიც) შიდა ბრძოლები და ინტრიგები გაძლიერდება. მთავარი ფიგურა, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცევა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი გახდება. მას მოუწევს სახიფათო გზის გავლა - 2028 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყება და თანდათან გააქტიურდება. „ვენსმა იცის, რომ იგი ტრამპისადმი ლოიალურ, ერთგულ პიროვნებად უნდა იყოს აღქმული, რათა პრაიმერიზის დროს MAGA-ს მხარდაჭერა შეინარჩუნოს", - ამბობს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დონალდ ტრამპმა სახელდახელოდ ჩაატარა, - „მაგრამ მან თვითონ უნდა შეიქმნას საკუთარი თავისთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რეპუტაცია".
ჯეიმს ვენსის მხრიდან საკუთარი იმიჯის შექმნისათვის საკმაოდ დელიკატური სამუშაო უკვე დაწყებულია. აი, რამდენიმე ფაქტი: დონალდ ტრამპმა მხურვალედ დაუჭირა მხარი თავის მეგობარს ბიბი ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჯეიმს ვენსმა კი განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს არა დონალდ ტრამპის მეგობრებს, არამედ „პროამერიკელ კანდიდატებს". უფრო ადრე კი ამ თვეში, როცა დონალდ ტრამპმა Microsoft-ის გენერალური დირექტორი სატე ნადელა პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა, ჯეიმს ვენსმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ტექნოლოგიური გიგანტი მძაფრად გააკრიტიკა - „მაიკროსოფტი" ბოროტად სარგებლობს უცხოელი თანამშრომლებისთვის ვიზების სისტემითო. ჯეიმს ვენსმა ასევე კარგად იცის, რომ MAGA უკმაყოფილოა დონალდ ტრამპის ომით ირანის წინააღმდეგ.
სენატში შუალედური არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იმაში გამოიხატება, რომ რესპუბლიკელთა მხარდაჭერა, როგორც ჩანს, შედარებით სტაბილური იქნება ტრადიციულად „მოყოყმანე" შტატში, როგორიცაა მიჩიგანი, მაგრამ უფრო კონსერვატიულ რეგიონებში - სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში რესპუბლიკელთა მხარდაჭერა დასუსტებულია.
იმავდროულად ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსს არ შეუძლია ძალიან დიდი დისტანციით დაშორდეს თავის „ბოსს" - პრეზიდენტს, რომლის მიმართ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი ძველებურად ერთგულია. მოკლედ, დონალდ ტრამპი არ შეიძლება იყოს „კოჭლი იხვი". იგი ყოველთვის ყოველთვის დარჩება მძვინვარე ვეფხვად, რომელიც ყველაზე სახიფათო სწორედ მაშინ ხდება, როცა მას რაიმე საშიშროება ემუქრება.
