1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ ღირს ივანიშვილის ფული და სააკაშვილის ციხეში არ ყოფნის სურვილი, სახელმწიფოს პერსპექტივაზე მეტი?”- გოჩა მირცხულავა
“რატომ ღირს ივანიშვილის ფული და სააკაშვილის ციხეში არ ყოფნის სურვილი, სახელმწიფოს პერსპექტივაზე მეტი?”- გოჩა მირცხულავა

“რატომ ღირს ივანიშვილის ფული და სააკაშვილის ციხეში არ ყოფნის სურვილი, სახელმწიფოს პერსპექტივაზე მეტი?”- გოჩა მირცხულავა

309
0

„დღეს საქართველო არის ივანიშვილისა და სააკაშვილის ვნებების ტყვეობაში.“- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

 

„კარგად ვიცი სიმართლის მოსმენა აქ არავის სურს, პირადი “ისტობიდან” გამომდინარე, მაგრამ რეალობა და ძალიან მწარე რეალობა, არის შემდეგი:

დღეს საქართველო არის ივანიშვილისა და სააკაშვილის ვნებების ტყვეობაში.

ერთს ფული ადარდებს, მეორეს პირადი თავისუფლება. ერთი ფულის გადასარჩენად ვაჭრობს და ამ ვაჭრობაში სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება, მეორე – თავის პოლიტემოციურ გადაწყვეტილებას ნანობს და სურს კონტეინერში ჩაჯდომამდე არსებული პირადი სტატუს-კვოს აღდგენა.

ორივე ამ ბატონის ქმედების პასუხი იყო, გუშინ რაც თქვა პოლონეთის პრემიერმა და თქვა ძალიან ცუდად. მანდ – სტრასბურგშია მგონი  სასამართლო და თუ რამე არასწორადაა აქ, მიიღონ გადაწყვეტილება. როგორ შეიძლება სახელმწიფოს ლიდერი ასე აყენებდეს საკითხს – სააკაშვილი, ივანიშვილი ან საქართველოს მომავალი.

და ახლა მე მაქვს კითხვა: რატომ ღირს ივანიშვილის ფული და სააკაშვილის ციხეში არ ყოფნის სურვილი, სახელმწიფოს პერსპექტივაზე მეტი?

საქართველოს მოსახლეობას არ მიუბარებია Credit Suisse-სთვის ივანიშვილის ქონება, ამის გამო რომ იყოს, მისგან შანტაჟის ობიექტი. საქართველოს მოსახლეობას არ ჩამოუყვანია და არ გამოუმწყვდევია ციხეში  სააკაშვილი, ახლა იმავე მოსახლეობისგან რომ ითხოვს მხარდაჭერას გარეთ გასვლაზე.

რომ მოგვარდეს ივანიშვილის საკითხი – არა და როგორც ირკვევა ის არ არის ერთადერთი ვინც Credit Suisse-სგან არის დაზიანებული, რაც ახლა სახელმწიფოში ფუჭდება ამას რას უზამს? რომ მოგვარდეს და გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ (მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და პრეზიდენტი, დარჩენილი სასჯელის მოსახდელად უკან დაბრუნდება? – ეს კითხვა ცალკე) იმ ზიანს რა ეშველება, რასაც დაკარგული წელიწადზე მეტი ჰქვია და სახელმწიფოს მარგინალიზების კამპანია შეწყდება?

ბევრი ამბობს მთავრობა სხვა რამეა და სახელმწიფო, საქართველო, ქართველი ხალხი სხვა რამეო. არ არის ასე. ასეა მხოლოდ იმათთვის ვისაც დემოკრატიის მინიმალური გააზრება არ აქვს.

 

“ელექტორალური უმრავლესობის დიქტატურის” ფორმულის იგნორირება ვერ იქნება დემოკრატია. ამ ფორმულის იგნორირება ძალმომრეობაა. ამიტომ, როდესაც ვიღაც ამბობს საქართველოს მთავრობა ცუდია, აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ ცუდია თქვენი ოჯახის წევრი, ახლობელი, მეზობელი, მეგობარი – რომელიც იმ მთავრობის მხარდამჭერია. ცუდია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ეს მთავრობა აირჩია, საბოლოოდ კი ცუდია ქვეყანა მისი ინსტიტუციებით – ანუ, სახელმწიფო. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო კი ხალხია და გამოდის ხალხია ცუდი. ამიტომ თუ მთავრობა არ იქნება ჭკვიანად, როცა გვეუბნება “ვიღაც” და იქვე დასძენს საქართველო დაზიანდებაო – ესეც შანტაჟია, არა მთავრობის, არამედ იმათიც ვინც ამ მთავრობის მხარდამჭერი არ არის. ხალხის შანტაჟი.

ივანიშვილის ორ ფრონტზე თამაში გასაგებია აბსოლუტურად, მაგრამ, მისთვის თუ არის გასაგები, რა სახელით რჩება საქართველოს ისტორიაში? რას დაარქმევს მომავალი პერსონას, რომელმაც მისი მმართველობის პირველსავე წელს გააჩერა ქვეყანა და ის მორალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაგნაციაში შეყვანა. ახლა კი საკუთარი ფულის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხმა საკუთარ მომავალზე თქვას უარი და ქუჩაში მოაწყოს დემონსტრაციები მოთხოვნით – დაუბრუნეთ ივანიშვილს ფული?

 

ივანიშვილმა ხომ გადასარევად იცის, ვერც მისი პარტიის გამორჩეული ლიდერები და ვერც ექსტრემისტი “ხალხის ძალის” წარმომადგენლები – საკუთარი საშინელი განცხადებებით, ფულს ვერ დაუბრუნებენ და ეს სამართლებრივი დავის საკითხია… მაშინ, რატომ აკეთებს ამას? თამაშობს, აბა რა უყოს ამდენ მარიონეტს – რაღაცით ხომ უნდა დაასაქმოს. თან ცალკე დასავლეთს ანახოს განწყობები, ცალკე ჩრდილოეთს.

 

სააკაშვილი? მან ხომ ყველაზე კარგად იცის და ნებისმიერი ობიექტური მსაჯული იტყვის ამას, რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და აყენებს ახლა  – ამ წუთას, როდესაც იგი და მისი თანამოაზრეები მთავრობას კი არა, სახელმწიფოს აზიანებენ, აზიანებენ მის პერსონალურ მომხრეებსაც. აქ მიზანია, რომ  ამ ზიანს გაითავისებს მოსახლეობა როგორც ხელისუფლების შემოქმედებას და დაამხობს “ქართულ ოცნებას”. პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი და „ნაცმო“ ვერ ხვდებიან, ამ ზიანს რომ იაზრებს მოსახლეობა და ხელისუფლების თავნებობას და ცალკეულ ძალადობას უფრო ნაკლებ ზიანად მიიჩნევს, მაგიტომაც არის სააკაშვილი მეფე ლირივით მიტოვებული, ხოლო პარტიის ქუჩის აქტივობა ხაშის ქვაბში დარჩენილი დიდი ძვლის რიხინს ჰგავს. ეს ძვალი კი არავის სჭირდება .

ვიღაც ასე დასვამს კითხვას – რა უფრო ფასეულია – ივანიშვილის ფული თუ ერთი ადამიანის სიცოცხლე? და კითხვის დამსმელმა იმთავითვე იცის, რომ ფორმულირება არასწორია. სწორი ფორმულირებაა – რა უფრო ფასეულია, ივანიშვილის ფული თუ სააკაშვილის მზეზე ყოფნა?

მე თუ მკითხავთ არც ერთი. მით უფრო იმ პირობებში, რომ ორივე საკუთარი მიზნის მიღწევას  ხალხის – სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობს და თან სახელმწიფოს შანტაჟით.

ახლა პოლიტიკიდან გასული ივანიშვილისგან სწორი ის იქნება, რომ მის პარტიას Credit Suisse-ზე საუბარი შეაწყვეტინოს და დაასრულოს სახელმწიფოს შანტაჟი ორმაგი პოლიტიკური ფლირტით.

 

 სააკაშვილმა კი მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და მსოფლიოს წამყვანი ექიმები ჩამოიყვანოს, იმკურნალოს და თუ საქართველოში ვერ, სტრასბურგში მიაღწიოს სამართალს. ყველაზე მთავარი – დასავლელ ლიდერებს ის კი არ ალაპარაკოს, რომ საქართველო რაღაცას არ იმსახურებს მისი ციხეში ყოფნის გამო, არამედ ხატოვნად მაინც თქვას, მე არ ვიქნები წინააღმდეგობა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

თუმცა არც ივანიშვილი შეელევა საკუთარ ვნებებს და არც სააკაშვილი – ეს კარგად ვიცი.

P.S. სულაც არ მაინტერესებს პარტიული სექტებისა და ამ ორი პერსონის  წარმომადგენელთა აზრი, რადგან პოსტი ერთობლივად არის დაფინანსებული სააკაშვილის მხრიდან “აკერმანის” და ივანიშვილის მხრიდან Metigen-ის მიერ. შინაარსთან უთანხმოების შემთხვევაში მიმართეთ მათ და კომენტარებისგან თავი შეიკავეთ.“-წერს სოციალურ ქსელში გოჩა მირცხულავა.