1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს”-The Daily Telegraph
“რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს”-The Daily Telegraph

“რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს”-The Daily Telegraph

0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს” (ავტორი – დევიდ ბლერი). მასალაში განხილულია აშშ-ისრაელისა და ირანის ომის პერსპექტივა – გაგრძელდება თუ არა დროებითი ზავი, განახლდება თუ არა საომარი მოქმედებები, დაიდება თუ არა საბოლოო გარიგება და როგორი შინაარსი ექნება მას.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანი, ზავის მიუხედავად, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო ზალპებს ახორციელებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის ლიდერები ფსონს სადამსჯელო ზომებზე დებენ და ამით სრულმასშტაბიან ომს უბრუნდებიან. როგორც ჩანს, თეირანმა სიტუაცია კარგად აწონ-დაწონა და გადაწყვეტილება ისე მიიღო: ეს გვაჩვენებს, თუ რა თავდაჯერებულად იქცევიან ირანელები.

არადა, ეს ასე არ უნდა იყოს. როცა აშშ-მა და ისრაელმა ზუსტად 100 დღის წინ, 28 თებერვალს, თავიანთი შეტევა დაიწყეს ირანის წინააღმდეგ, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ირანის რეჟიმს სწრაფად დაამარცხებდნენ – ამისათვის ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ეფექტურად მოკლეს ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი და გაანადგურეს მისი მინისტრებისა და გენერლების მთელი ბატალიონი.

და მაინც, როცა „თავმოკვეთილმა“ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ „ოპერაცია“ გადაიტანა და თავისი მოკლული ხელმძღვანელები სხვებით ჩაანაცვლა, როცა თეირანმა დაიწყო საპასუხო დარტყმების მიყენება და ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ათასობით უწყვეტი სადღეღამისო ავიადარტყმებით მოწინააღმდეგეს  უკანდახევას აიძულებდა და წაყენებულ მოთხოვნებს დაეთანხმებოდა.

კაპიტულაციის ნაცვლად ირანმა, რომელმაც არ ისურვა ზეწოლას დამორჩილებოდა, ამერიკას და ისრაელს საპასუხო მოთხოვნები წაუყენა: რეჟიმმა დაბეჯითებით, თითქმის ულტიმატუმით განაცხადა, რომ აშშ ომს ვერ დაასრულებს და მშვიდობას ვერ დაამყარებს, თუ ისრაელს არ აიძულებს შეტევა შეწყვიტოს „ჰეზბოლას“ – შიიტური ტერორისტული დაჯგუფების – წინააღმდეგ ლიბანში. ანუ ირანელები თვლიან, რომ დონალდ ტრამპი ომით იმდენად სასოწარკვეთილია და მას ისე ძალიან სურს საზავო გარიგების მიღწევა, რომ იგი იძულებული გახდება ხელი შეუშალოს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხოს.

ირანს, რომელიც მოლაპარაკების პროცესშია ჩართული აშშ-სთან (თუმცა ზავი ძალიან მყიფეა და საბოლოო შედეგების პერსპექტივა არ ჩანს), იმედი აქვს, რომ უთანხმოებას ჩამოაგდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და მის ყველაზე ახლო მოკავშირეს შორის. თეირანს ასევე ჰგონია, რომ შეძლებს თეთრი სახლზე ზეწოლის მოხდენას, რათა აშშ-მა ისრაელი შეტევის შეჩერებაზე  აიძულოს.

მოვლენები მოწმობენ, რომ ირანის იმედები უსაფუძვლო მართლაც არ არის. გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა დაურეკა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევის შეჩერება სთხოვა – შეწყვიტე, თორემ ირანთან მოლაპარაკებას საფრთხე ექმნება და შეიძლება ჩაიშალოსო.

არავინ არ უარყოფს იმას, რომ ტელეფონით საუბრის დროს ორ ლიდერს შორის მართლაც უმწვავესი დავა მოხდა. დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეეცადა თავისი უკმაყოფილების შერბილებას: მისი თქმით, „ცოტა გავბრაზდი იმის გამო, რომ ისრაელი ლიბანთან მუდმივად ომობსო“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი უბრძანებს ბენიამინ ნეთანიაჰუს  – „დაანებე თავი ირანს და ლიბანსო“, ბენიამინ ნეთანიაჰუს სრული უფლება ექნება უარი უთხრას თავის დიდ მფარველ-მოკავშირეს – იმის გათვალისწინებით, რომ რადგანაც ირანმა ისრაელს დაარტყა, ისრაელი, უბრალოდ, ვალდებულია უპასუხოს. თანაც წინ საპარლამენტო არჩევნებია და რას იფიქრებს ხალხი პრემიერ-მინისტრზე და მის პარტია „ლიკუდზე“?

ვთქვათ და ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის სამხედრო დოქტრინის თანახმად, საპასუხო გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ირანს, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ომი განახლდება, დონალდ ტრამპს კი მოუწევს გადაწყვიტოს, მხარი დაუჭიროს მოკავშირეს თუ განზე გადგეს.

ირანის აზრით, რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-ის პრეზიდენტმა, თეირანთან გარიგების სწრაფად დადების რეალური პერსპექტივა მაინც არ იქნება. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება, მსოფლიოს ეკონომიკა კი უფსკრულის ნაპირს მიუახლოვდება. და თუ არაფერი შეიცვლება, რატომ განაახლებს ომს დონალდ ტრამპი?

ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის თქმით, ირანის ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს. ირანელი ლიდერები ბეწვის ხიდზე დადიან. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა ისევ შეიძლება გახდეს აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების ობიექტი, თანაც დარტყმები უფრო მწვავე და მტკივნეული იქნება. ირანს ჰგონია, რომ ისევე გაუძლებს ახალ დარტყმებს, როგორც წინა 13 ათასზე მეტს გაუძლო.

არავის არ შეუძლია იმის განჭვრეტა, სწორია თუ არა ასეთი მსჯელობა, მაგრამ არის ორი უეჭველი და ჭეშმარიტი გარემოება: პირველი – მსოფლიოს ეკონომიკა დიდ ხანს ვეღარ გაუძლებს სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის დაკარგვას, ორგანული სასუქების მიწოდების შეწყვეტას, ანუ ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელებას. მეორე – თუ დონალდ ტრამპი შეძლებს სამხედრო ფიასკოსა და გლობალური ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებას, მას მოუწევს ირანთან ისეთი გარიგების დადება, რომელიც ძალიან შორს იქნება მისი თავდაპირველი გრანდიოზული მოთხოვნისაგან – ისლამური რეჟიმის კაპიტულაციისაგან.

წყარო: