1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ევროპარლამენტი კრიტიკული რეზოლუციის მიღების დროს – ევროპარლამენტარი “ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად პასუხობს
რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ევროპარლამენტი კრიტიკული რეზოლუციის მიღების დროს – ევროპარლამენტარი “ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად პასუხობს

რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ევროპარლამენტი კრიტიკული რეზოლუციის მიღების დროს – ევროპარლამენტარი “ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად პასუხობს

394
0

ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს გამოაცხადებს. მანამდე კი, ევროპარლამენტმა 308 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს.

14-პუნქტიან რეზოლუციაში შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების – “ევროპის სახალხო პარტიის (EPP), “განაახლე ევროპის” (Renew Europe) და “ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების” (ECR) – შესწორებაც, რომელიც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

რეზოლუციას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის მეთაურმა, სალომე ზურაბიშვილმა ამგვარი დოკუმენტის მიღება “გაფუჭებულ საქმედ” შეაფასა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილას გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, რომლის წარმომადგენლებიც კრიტიკული რეზოლუციის მიღების უკან ოპოზიციის, კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობის” კავშირებს ხედავენ. “ქართულ ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების გარკვეული ნაწილი “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ და სწორედ ეს კავშირები აისახება უცხოელი პარტნიორების განწყობაზეც.

“ჯორჯიან თაიმსი” დაინტერესდა, რეალურად, რა პოზიცია გააჩნიათ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმოქმედებს თუ არა მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. გამოცემამ შესაბამისი კითხვები ევროპარლამენტის დეპუტატებს გაუგზავნა, პასუხების მოპოვება კი მხოლოდ “ევროპის სახალხო პარტიის”(EEP) წევრისგან შეძლო.

ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ლობისტად სწორედ EEP განიხილება და კრიტიკული რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორიც აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფია, გამოცემისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი წარმომადგენლის პოზიცია. “სახალხო პარტიის” წევრი, ტომას ზდეჩოვსკი ​გამოცემასთან ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ის საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, თუმცა აქვე დასძენს, რომ სრულუფლებიანი წევრობა შორი პერსპექტივაა.

ევროპარლამენტარი რუსეთიდან მომავალ საფრთხესაც უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მოსახლეობის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაა.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, მე მხარს ვუჭერ, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი ულამაზესი ქვეყანა ხშირად იმყოფებოდა და იმყოფება რუსეთის ზეწოლის ქვეშ. პუტინისგან საფრთხეები ნამდვილად არსებობს. მე პატივს ვცემ საქართველოს მოქალაქეების სურვილს, გახდნენ დასავლეთის ნაწილი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, გათავისუფლდნენ რუსული წნეხისგან. თუმცა, ისიც იცით, რომ სრულუფლებიანი წევრობა შორი პერსპექტივაა…

ევროკავშირი საქართველოსთან ავითარებს თავის ურთიერთობებს ასოცირების ხელშეკრულების მეშვეობით, რომელმაც მაგალითად, შესაძლებელი გახადა ტრანსკავკასიურ ქვეყნებში მომუშავე ექსპორტიორი კომპანიებისათვის ტარიფები შემცირებულიყო,”- აცხადებს ტომას ზდეჩოვსკი. 

გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, რა დამამტკიცებელ ფაქტებს დაეყრდნო ევროპარლამენტი ბოლო რეზოლუციის მიღების დროს და იმოქმედებს თუ არა ეს პოზიცია საბოლოო შედეგზე, რაზეც ევროპარლამენტარმა უპასუხა, რომ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება არაერთი წყაროთია დადასტურებული.

ტომას ზდეჩოვსკმა მოსაზრების გასამყარებლად ორგანიზაციის „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ ანგარიშიც მოიყვანა, რომლის თანახმადაც, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

“ეს მართლაც რთული თემაა. ევროკავშირი ყოველთვის მგრძნობიარეა, როცა საკითხი ეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს მედიის ასეთ მდგომარეობაზე საქართველოში. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული ღირებულებების მთავარი სვეტია. ბოლო პერიოდში, საქართველოში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს და ამის იგნორირება არ შეიძლება.

რეიტინგში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა, საქართველო მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ეს სამწუხარო ფაქტია. თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, მან უნდა აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებისა და პრონციპებზე სერიოზულად მუშაობს”,- განაცხადა “ჯორჯიან თაიმსთან” ტომას ზდეჩოვსკმა.

კრიტიკული რეზოლუციის მიუხედავად, ქართული პოლიტიკური წრეები ერთხმად თანხმდებიან, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ნამდვილად იმსახურებს და ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. არაერთი ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ უცხოელი პარტნიორების მწვავე შეფასებები შესაძლოა გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე და საქართველომ კანდიდატის სტატუსი დათქმების ძალიან გრძელი სიით მიიღოს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ჯგუფში, “სახალხო პარტიაში” საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველიც კი გახდეს.

/თათია შაიშმელაშვილი/