1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდებოდა, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს” – The New York Times
„პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდებოდა, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს” – The New York Times

„პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდებოდა, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს” – The New York Times

341
0

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში” (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ შემცირდება, რაც მისთვის მომგებიან ფსონს წარმოადგენს. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ შეცდომის დაშვება გამორიცხული არ არის – იგი ამერიკის მიმართ ადრეც სცდებოდა“ (ავტორი – ანტონ ტროიანოვსკი, მოსკოველი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ისეთ მდგომარეობას უახლოვდება, როგორიც რუსეთის პრეზიდენტს სურს, მაგრამ იქნებ კრემლი ახლაც სცდება? ვლადიმერ პუტინი თავის შეფასებებში აშშ-ის მიმართ ადრეც ბევრჯერ შემცდარა…

რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი სტრატეგია უკრაინაზე გასამარჯვებლად ერთი მრავლისმეტყველი ეპიზოდით შეიძლება გამოიხატოს, რომელიც თებერვალში Fox news-ის ყოფილი ჟურნალისტისთვის თაკერ კარლსონისათვის მიცემულ ინტერვიუში გამოჩნდა: კითხვას უკრაინის ომში აშშ-ის სავარაუდო ჩარევის თაობაზე, კრემლის ბინადარმა შემხვედრი კითხვით უპასუხა: „თქვენ რა, მეტი საქმე არ გაქვთ?“.

დღეს, როცა ამერიკული პოლიტიკა თავის ურთულეს პერიოდში იმყოფება, ვლადიმერ პუტინი როგორც არასდროს, ისე ახლოსაა მისთვის სასურველ პასუხთან.

უკრაინის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისეთ უდიდეს პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო, რომელიც მისი მმართველობის დროს არასოდეს არ მომხდარა. იგი იძულებული გახდა თანაპარტიელების სურვილს დათანხმებოდა და საარჩევნო რბოლიდან გასულიყო. ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ყველანაირ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ლიდერობს, ვიცე-პრეზიდენტად ისეთი ადამიანი შეარჩია, რომელიც უკრაინის დახმარების ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგეს წარმოადგენს… რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა ადრე ბევრჯერ ნათქვამი – ომის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდესო, რითაც თითქოსდა ვლადიმერ პუტინის რიტორიკის სარკისებრი ანარეკლი შექმნა – „მესამე მსოფლიო ომის“ საფრთხის შესახებ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დინამიკა შეიძლება ისეთი გახდეს, რომ ვლადიმერ პუტინის ხედვას დაემთხვეს – მოვლენათა იზოლაციონისტური აღქმას, რომლის დროსაც ამერიკელები უკრაინას ბევრად უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, ვიდრე თვითონ რუსები. ასეთი მიდგომის დროს აშშ-ის მხრიდან კიევისადმი დახმარება-მხარდაჭერაზე უარის თქმა უკვე დროის საკითხია: მოხდება ისე, როგორც მოხდა ავღანეთში 2021 წელს.

მოსკოველი ანალიტიკოსები ყურადღებით სწავლობენ ამერიკული საზოგადოებრივი გამოკითხვების მონაცემებს. სახელმწიფო ტელევიზია დეტალურად აშუქებს დონალდ ტრამპის გამოსვლას ყრილობაზე და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის ჯეიმს დევიდ ვენსის პოლიტიკურ ბიოგრაფიას, განსაკუთრებით მის დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ. გაანალიზა რა გამოკითხვების შედეგები, აშშ-ის კარნეგის ფონდის მოსკოვური ცენტრის ყოფილი დირექტორი დიმიტრი ტრენინი ასკვნის, რომ ამჟამად ამერიკელ ამომრჩეველს ნაკლებად აღელვებს ნებისმიერი საგარეოპოლიტიკური პრობლემა.

„ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული გათვლა ასეთია: ადრე თუ გვიან ამერიკელები დაიღლებიან“, – განმარტავს დიმიტრი ტრენინი, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ლექტორი, – რუსეთის სამხედრო მიზანი აბსოლუტურად გასაგებია“.

როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების შენარჩუნებას, ისინი მაინც არ თვლიან ამ საკითხს არჩევნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონედ. მიმდინარე წლის აპრილში ამერიკელთა 50% თვლიდა, რომ რუსეთის გავლენის შეზღუდვა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში უნდა შედიოდესო, თუმცა ამ ფონზე უკრაინისადმი დახმარების მომხრე მხოლოდ 23% იყო. აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი, რომელიც ჯო ბაიდენის პროგრამის პოპულარობის გარკვევას მიეძღვნა, მხოლოდ 30% აღმოჩნდა უკრაინისადმი დახმარების გაწევის მხარდამჭერი (და ეს ხდება დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში!).

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურს: რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინა ისტორიულად და კანონიერად რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა.

ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში აყალიბებდა თავის საგარეოპოლიტიკურ დოქტრინას იმ იდეაზე, რომ ამერიკას აგრესიული ანტირუსულად განწყობილი ელიტა მართავს, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვაზე კი არ ზრუნავს, არამედ მსოფლიო ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს და რომ მოსკოვი მოიცდის იმ დრომდე, როცა ეს ელიტა ხელისუფლებას დაკარგავს.

ფსონები არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი: ვლადიმერ პუტინი უზარმაზარ ადამიანურ და ფინანსურ დანაკრგებზე მიდის, არაფერზე უკან არ იხევს და საკუთარ თავს უფლებას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ მესამე წელი იომოს. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ლიდერი ელოდება, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აშშ და დასავლეთი კიევისათვის შეიარაღების მიცემას შეწყვეტენ და უკრაინის ხელმძღვანელობას იმისკენ უბიძგებენ, რომ ზავის დროს რუსეთის პირობებზე დათანხმდეს.

„თქვენს ხელისუფლებას და ამერიკელებს, როგორც ცნობილია, პრობლემები გაქვთ საზღვრებზე, მიგრანტებთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ვალთან მიმართებითაც, – აცხადებდა ვლადიმერ პუტინი თაკერ კარსლსონთან საუბრისას, – განა უკეთესი და იოლი არ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებაზე წამოხვიდეთ?’.

კრემლის მიერ თაკერ კარლსონის შერჩევა ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, პირველად 2021 წლიდან, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს: ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ ყოფილი მთავარი წამყვანი, რომელიც ხშირად იმეორებს თავის გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტის თეზისებს უკრაინასთან დაკავშირებით, წონიან ფიგურას წარმოადგენს დონალდ ტრამპის მომხრეებისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, მოსკოვი დიალოგისთვის პოტენციურად მზადმყოფ პოლიტიკოსად თვლის.

თაკერ კარლსონმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროებისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა არა უკრაინისადმი დახმარებაზე ეზრუნათ, არამედ საკუთარ ხალხზე, საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვაზე და ნარკოვაჭრობის ბაზების განადგურებაზე მთელ მსოფლიოში.

„რაღაც ვერ ვხედავ, რომ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ამერიკის არმიის შეიარაღებას ამერიკელი ხალხის დასაცავად იყენებდეს“, – თქვა ამერიკელმა ჟურნალისტმა ყრილობაზე გამოსვლისას, – „პირიქით, ყველაფერს უკრაინას უგზავნის“.

თუმცა, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის სიხარული ნაადრევია. იმიტომ, რომ იგი ამერიკული პოლიტიკის თავის შეფასებებში არაერთხელ შემცდარა.

2016 წელს კრემლმა ფსონი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ხელშეწყობაზე დადო, მაგრამ მან მოსკოვს იმედები გაუცრუა – უკრაინისადმი იარაღის მიწოდება გააფართოვა და ანტირუსული სანქციები გაამკაცრა.

2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვისათვის იმდენად ანაზდეული იყო დასავლეთის მოულოდნელი მასშტაბური პასუხი, რომ ვერ მოასწრო უსაფრთხო იურისდიქციის ზონაში გაეტანა ასეული მილიარდობით დოლარი თავისი უცხოური აქტივებიდან. საბოლოო ჯამში ეს ფული დღემდე გაყინულია ევროპულ და ამერიკულ ბანკებში, მისი პროცენტებით კი უკრაინა სარგებლობს.

დღეს დონალდ ტრამპისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უფრო ფრთხილია, ვიდრე 2016 წელს, როცა რუსი ბლოგერები ხმამაღლა აცხადებდნენ – ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთისათვის ხელსაყრელი იქნებაო. თვითონ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს რუსეთისათვის არაფერი კარგი არ გაკეთებულაო.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ მისთვის ჯო ბაიდენის არჩევა უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე დონალდ ტრამპისა – იმიტომ, რომ ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, პროგნოზირებად პიროვნებას წარმოადგენდა. გაუგებარია, ამას ვლადიმერ პუტინი გულწრფელად ამბობდა თუ არა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის იმიჯისათვის კრემლის ბინადარის პირით ნათქვამი მხარდამჭერი სიტყვები შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამჟამად პუტინის პოზიცია, ალბათ, შეიცვლება – ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ ვინ იქნება დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ბევრი იმედი არსებობდა“, – განმარტავს ივან ტიმოფეევი, რუსეთის საგარეოპოლიტიკური საბჭოს გენერალური დირექტორი, რომელიც ახლოს დგას მთავრობასთან, – მაგრამ თეთრმა სახლმა მაშინაც კი ვერ შეძლო (ან არ სურდა) რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა“.

სხვათა შორის, ივან ტიმოფეევმა თვითონ შეიტანა გარკვეული წვლილი იმდროინდელ მოვლენებში: მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ 2016 წელს, რომ არ არის გამორიცხული ტრამპის საარჩებნო შტაბისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაო, ბიძგი მისცა სპეციალური გამოძიების დაწყებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფარული ჩარევის თაობაზე.

რუსეთში სპეცპროკურ რობერტ მიულერის მიერ დაწყებული გამოძიება აღქმული იქნა იმის დადასტურებად, რომ ამერიკაში „სიღრმული სახელმწიფო“ არსებობს, რომლის წარმომადგენლები არასოდეს არ დაეთანხმებიან პრეზიდენტად ისეთი ადამიანის არჩევას, რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება ექნება განზრახული. სწორედ მსგავსი განცხადებებით გამოდის ახლა დონალდ ტრამპი.

ივან ტიმოფეევის თქმით, რუსეთ-აშშ-ის რთული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკური კლიმატის ცვლილებაზე: რაც დრო გავა, ურთიერთობა უფრო გაუარესდება, – ამბობს იგი, – ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია“.

მართლაცდა, ბევრი რუსი აღნიშნავს იმას, რომ არც უკრაინა და არც რუსეთი არ ფიგურირებენ საპრეზიდენტო კამპანიის ჩარჩოებში მიმდინარე დებატების პოპულარულ თემებში. უკრაინისადმი დახმარების აქტიური კრიტიკის მიუხედავად, ყრილობის შემდეგ ტელევიზიაში თავისი პირველი გამოსვლისას ჯეიმს ვენსს რუსეთ-უკრაინის ომი არცერთხელ არ უხსენებია.
დონალდ ტრამპს, თავის მხრივ, არ გაუჟღერებია „რუსეთ-უკრაინის საშინელი ომის“ დასრულების გეგმის დეტალები, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, „მესამე მსოფლიო ომის“ რისკზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის დაესესხა და მისი გაფრთხილება გაიმეორა, თუ რაში შეიძლება გადაიზარდოს უკრაინის კრიზისი – რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტში.

რუსეთში ბევრი ამბობს, რომ ამერიკელები არასაკმარისი ყურადღებით ეკიდებიან რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებებს: „ამერიკელები რუსეთზე ბევრად უფრო ნაკლებად მსჯელობენ, ვიდრე რუსები – ამერიკაზე“, – აღნიშნავს ეკატერინე მოორი, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ვაშინგტონნელი ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, – „რუსეთში, რა თქმა უნდა, ძალიან სურთ ამერიკელებში მეტი ინტერესი გამოიწვიონ“.

ბოლო დროს ეკატერინე მოორს გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს და რამდენიმე რუსულ ტელეარხზე ამერიკული პოლიტიკის ექსპერტის როლში გამოდის. ასეთ გადაცემებში რუსეთის წინაშე მდგარი ბევრი პრობლემა – გადახურებული ეკონომიკა, ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები და ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული პოლიტიკური სისტემა – არ განიხილება და მათზე მსჯელობა აკრძალულია. ამის ნაცვლად ექსპერტი ყურადღებას უთმობს ამერიკის პოლიტიკურ სისტემას, რომელიც, შოუს წამყვანებისა და მათი სტუმრების აზრით, „არასტაბილურია“ და „მერყევი“.

ამერიკელ პოლიტიკოსებს არ აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის ისეთი 20-წლიანი პერსპექტივა, როგორც ვლადიმერ პუტინს“, – ამბობს ეკატერინე მოორი, – მის მახსოვრობაში ბევრი რამ არის შემონახული. შესაბამისად, მისი ნათქვამის ნამდვილობის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.

წყარო