“შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლოს დონალდ ტრამპზე გაიცინოს: უკრაინის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად გამოიყურება ისე, თითქოს დასავლეთის მომავალი მის ხელშია”- Financial Times
„შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლოს დონალდ ტრამპზე გაიცინოს: უკრაინის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად გამოიყურება ისე, თითქოს დასავლეთის მომავალი მის ხელშია” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) 24 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ედვარდ ლიუსი, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი. „არ არის გამორიცხული, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი შესაძლებლობებით, დასავლეთს ახალ ლიდერად მოევლინოს” – ასეთი აზრია გატარებული მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვინ იქნებიან 2029 წელს, დიდი ალბათობით, აშშ-ისა და უკრაინის ხელმძღვანელები? დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი? ალბათ, გონივრული იქნება ვიფიქროთ, რომ უკრაინის მეთაურად ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი დარჩება, ფსონი უფრო მეტად მასზე უნდა დავდოთ, თუნდაც დონალდ ტრამპი შეეცადოს და მესამედ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. ვერცერთი მსოფლიო ლიდერი ვერ შეედრება ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობასა და გაძლებაში, იმ ზეწოლის მიმართ გამკლავებაში, რაც მან აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების – ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის მხრიდან იწვნია. წარუმატებლობა, რაც რუსულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ” განიცადა, ნიშნავს იმასაც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავის რუს კოლეგასაც გადაიტანს – პუტინი წავა, ზელენსკი კი პრეზიდენტობას გააგრძელებს.
უკრაინის პრეზიდენტის შეუპოვრობა და უდრეკობა ბრძოლის ველის მიღმაც ვრცელდება: იგი ყველაზე მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლელი ლიდერი (დონალდ ტრამპის გამოკლებით, მაგრამ მას სხვა მოტივები აქვს) ფლობს იმის უნარს, რომ ევროპაში ცვლილებების კატალიზატორი გახდეს.
დონალდ ტრამპს მოსწონს გამარჯვებულებთან ურთიერთობა. 15 თვის წინათ ოვალურ კაბინეტში მან ვოლოდიმირ ზელენსკი წაგებულ და დამარცხებულ ადამიანად ჩათვალა – აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს არანაირი კოზირები არ აქვს. მან დააძალა ზელენსკის და ხელი მოაწერინა სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის შესახებ ცალმხრივ შეთანხმებაზე, ხოლო ტრამპის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა უკრაინის ლიდერს „პატარა …” და „ევროპელებისათვის განსაკუთრებით მოთხოვნადი ბავშვი” უწოდა – როგორც ამას მეგი ჰაბერმანი და ჯონათან სვონი წერენ თავიანთ ახალ წიგნში „რეჟიმის ცვლილება”. როგორც ცნობილია, ასეთი ბავშვები ხშირად ხშირად აწყდებიან სიძნელეებს სწავლის პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსი გამოწვევები წინაშე არ დგას: ამას ადასტურებს ის, რომ იგი აქტიურად ნერგავს ინოვაციებს ბრძოლის ველზე.
სიტუაცია ადგილებზე ისეთია, რომ ვერ ვიტყვით, რომ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ ყალიბდება.
შესაბამისად, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ „დიდი შვიდეულის” რვიანის სამიტზე სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე თეთრ სახლში 2025 წლის თებერვალში. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის ცვლილების დონე აშკარად ჩანდა სამიტის განცხადებაშიც, რომელშიც „შვიდეულმა” მაღალ დონეზე შეაფასა „უკრაინის სიმტკიცე” და „კიევის ახალი იმპულსი” საომარ მოქმედებებში, თანაც უხვად დაპირდა იარაღს და ფინანსურ-მატერიალურ დახმარებას მომავალი ზამთრის გადატანისათვის.
და მაინც ძალიან საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ოდესმე გამარჯვებულად აღიარებს. ამერიკის ლიდერის შურისძიების ინსტინქტი იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი არასოდეს არ შეუნდობს და არ აპატიებს ვოლოდიმირ ზელენსკის იმას, რომ მან უარი თქვა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატების მოპოვებაზე, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. დონალდ ტრამპისათვის ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად იქნება ასოცირებული მისი პირველი იმპიჩმენტის მცდელობასთან, რომელიც 2019 წლის სექტემბერში მოხდა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ინიციატივით… თუმცა იგი მას ლუზერად – უიღბლოდ და წარუმატებლად – აღარ თვლის.
სხვათა შორის, მიმდინარე ივნისის თვეში წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა ახალი პაკეტი უკრაინისათვის 8 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევის თაობაზე. რას იზამს სენატი? თუ ისიც მოიწონებს, დაადებს თუ არა ვეტოს დონალდ ტრამპი? ის, რომ დღეისათვის ამაზე მკაფიო პასუხი არ არის, საკმაოდ მრავლისმეტყველია – ესე იგი, შეიძლება არ დაადოს.
უფრო მნიშვნელოვანი მომენტია ის, დაეთანხმება თუ არა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შექმნაზე ამერიკული Patriot-ების საშუალებით. უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, ამ სისტემის შექმნა აშშ-სათვისაც სასარგებლო იქნება – კომპანია „ლოქჰიდ მარტინი”, უეჭველია, ამ ბიზნესს მიესალმება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ომში ლიდერად თვლის, ზელენსკის ინიციატივაზე თანხმობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ზეწოლის ახალი ბერკეტები გაუჩნდა: უკრაინის თავდაცვის სფეროს ბიზნესმენები პენტაგონთან კონსულტაციებს ატარებენ, რომ აშშ-ის ახალ სამხედრო ბიუჯეტში დრონების წარმოებისათვის 54 მილიარდი დოლარი იქნას ასიგნებული. უკრაინელი სტარტაპები და ისინი, ვინც უკრაინულ დრონებს ბრძოლის ველზე იყენებენ (მაგ. ბოლო დროს სპარსეთის ყურის ქვეყნები), მსოფლიოში დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. დონალდ ტრამპის მომხრეები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ უკრაინა სოციალურ შეღავათებს აღარ საჭიროებს.
გარდა ამისა, იმ დროს, როცა აშშ-ის უპირველესი ოჯახის წევრები ღიად სარგებლობენ თეთრი სახლის შესაძლებლობებით საკუთარი გამდიდრებისათვის, კორუფციული ბრალდებები უკრაინის მიმართ ვაშინგტონში რეზონანსს აღარ იწვევენ. ფაქტია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გადაიტანა რამდენიმე სკანდალი მექრთამეობის ბრალდებებით, ხოლო დონალდ ტრამპს შეჩერებული აქვს ანტიკორუფციული კანონის მოქმედება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და სურს გარიგებების დადება. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მას ზოგიერთი რამ ახლაც შესთავაზოს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული თავისი ამერიკელი კოლეგის „მუდმივ შუამავლობაში”. ამას ადასტურებს ის, რომ დონალდ ტრამპი დაეთანხმა „დიდი შვიდეულის” სამიტის განცხადებას. აშკარაა, რომ უკრაინული დრონებით გაჩენილი მოსკოვის ხანძრების ფონზე, კრემლი იმედგაცრუებულია დონალდ ტრამპით [რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის „გატეხვა” ვერ შეძლო]. ვლადიმერ პუტინს ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ტრამპის შუამავლობით მოლაპარაკებაზე იფიქროს.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანმიმართულობა მას დასავლეთის მომავლის განსაზღვრის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ლიდერს (ტრამპის გარდა). უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობას. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი საკმაოდ გულგრილად უყურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ევროკავშირს, ხოლო უკრაინას კი ევროპაში ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი მოქმედი არმია ჰყავს, კიევის ხმას ევროპაში სულ უფრო მეტი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა დასავლეთის „მორცხვობისადმი” გამოხატულ საყვედურს წარმოადგენს. იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უუნარობას ამჟღავნებს და მას ცვლიან, ან ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი გაისად შეიძლება უკიდურესად მემარჯვენე იყოს, მათ ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცე და დამაჯერებელი ლიდერის განსახიერებას წარმოადგენს. მემარჯვენე ლიდერებთან მსოფლიოში უკრაინის მეთაური თამამად ამჟღავნებს ერთგულებას ლიბერალური დემოკრატიის მიმართ.
თავისი ქვეყნის მდგომარეობის გამო იგი უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდის, ვიდრე სხვა ლიდერები, ჯერჯერობით ერთის [აშშ-ის პრეზიდენტის] გამოკლებით. მაგრამ რადგანაც დონალდ ტრამპი „დასავლეთის” [და ევროპის] მეგობარი აღარ არის, ამასობაში ვოლოდიმირ ზელენსკი „დასავლეთს” [და ევროპას] საკუთარ თავს ახსენებს.