1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს” – რას წერს ამერიკული პრესა
“პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს” – რას წერს ამერიკული პრესა

“პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს” – რას წერს ამერიკული პრესა

637
0

ამერიკულ გაზეთ The Hill-ში („ბორცვი“ – იგულისხმება შემაღლებული ადგილი ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის კონგრესის შენობა – კაპიტოლიუმი დგას), გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სანამ უკრაინა აშშ-ის გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დამაჯერებლად მოქმედებს“ (ავტორი – ბრედ დრესი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო დამაჯერებლად მოქმედებს რუსეთის არმიის მიერ მიღწეული წარმატებებისა და აშშ-ის უმოქმედობის ფონზე, როცა კონგრესი არ ამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას. თუმცა, რა თქმა უნდა, კრემლი ილუზიებში არ არის და არ ფიქრობს იმას, რომ კონგრესმენთა ანტირუსული აზროვნება შეიცვლება: ურთიერთკინკლაობის და ერთმანეთთან დაპირისპირების მიუხედავად, ამერიკელი პოლიტიკოსები – დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც – კიევს მხარს მტკიცედ უჭერენ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, რუსეთის პოლიტიკურმა და ტაქტიკურმა გამარჯვებებმა ვლადიმერ პუტინის განწყობაზე პოზიტიური გავლენა მოახდინეს, – ნათქვამია სტატიაში.

ავდეევკის აღება რუსეთის არმიისათვის ბოლო თვეებში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს. ქალაქის რუსებისათვის ჩაბარება კი უკრაინელებისათვის არა მარტო სიმბოლური ნიშანია, არამედ სტრატეგიული დანაკარგიც.

ყველაფერთან ერთად, ვლადიმერ პუტინი ამერიკულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შეიჭრა, როცა მისი ინტერვიუ თაკერ კარლსონთან ამერიკულ ტელეეკრანებზე იქნა ნაჩვენები. ამერიკელებისათვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი უპირატესობას ანიჭებს ჯო ბაიდენის გამარჯვებას.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, რუსი ლიდერი და მთლიანობაში რუსეთი, თავის მოქმედებაში „კვლავ დამაჯერებელი გახდა – ისეთი, როგორიც ომის პირველ დღეებში იყო“. რა თქმა უნდა, კრემლის ასეთ თავდაჯერებულობას ხელს უწყობს შექმნილი საერთო ფონი, რომელიც უკრაინისათვის ნეგატიურ ხასიათს ატარებს – კიევს აკლია შეიარაღება, აკლია ფინანსები, რომლის მიცემა დასავლეთისაგან ჭიანურდება. ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში არსებული განხეთქილება კრემლს უდიდეს შესაძლებლობებს უქმნის დასავლეთთან ომში წარმატების მისაღწევად.

მოსკოვის სტრატეგია ნაწილობრივ იმით არის გამოხატული, რომ კრემლს იმედი აქვს – დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინის არმია დასუსტდება და საბოლოო ჯამში დამარცხდება, მაგრამ იმავდროულად მოსკოვი ილუზიებს არ იქმნის და აცნობიერებს იმას, რომ დასავლეთი კიევს მაინც ძლიერ მხარდაჭერას უწევს. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკელი კონგრესმენები (რესპუბლიკელები) სულაც არ არიან რუსეთუმეები და არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ შეუძლიათ გვერდზე გადადონ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის დაფინანსება და უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

ვლადიმერ პუტინს კარგად ესმის, რომ ამერიკული დახმარების დაყოვნება გამოწვეულია ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური თამაშებით და არა იმით, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა აზროვნება შეიცვალეს. კაპიტოლიუმში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც უკრაინის მხარეზეა და საეჭვოა, რომ რომელიმემ რუსეთის მიმართ სიმპათიები გამოხატოს. და მაინც, ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებისა და არმიის მიერ მიღწეული პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო ტაქტიკური წარმატებები ვლადიმერ პუტინის გუნება-განწყობას აუმჯობესებს.

წყარო