1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა
პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

289
0

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 საგარეჯოში მომხდარის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ,  რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულებს კი რამდენიმე ადამიანი დახვდათ გარდაცვლილი.

როგორც ერთ-ერთი დაჭრილის დედა ამბობს, მისი შვილი ადგილზე სროლის ხმაზე გავიდა, სადაც მეზობლები უკვე გარდაცვლილი დახვდა და სწორედ ამ დროს მიიღო ფეხის არეში დაზიანებები. ქალის თქმით, დაჭრილები და დაღუპულები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

“დაჭრილია ჩემი შვილი, ფეხში. უცაბედად ატყდა სროლა, რომ გავიხედეთ აივნიდან, ჩემი შვილი გაიქცა საშველად. მივიდა ახლოს და ჩემს შვილსაც დაუწყეს სროლა. ერთადერთი ის ვიცი რომ სროლა ატყდა, ადამიანები დახოცა და ჩემი შვილი დაჭრილია. გარდაცვლილები ადგილობრივები, ჩემი შვილის ამხანაგები არიან. მე თვითონ დავინახე რომ 3 ადამიანი ძირს იყო დავარდნილი. ჩაკეტილები ვიყავით და სროლის ხმა კარგა ხანი გვესმოდა,” – ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის დედა.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ადგილზე გაიგეს ხელყუმბარის აფეთქების ხმაც. მათი ინფორმაციით, პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

მათივე ცნობით, თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა   ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. 

49 წლის ნოდარ ათუაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო მისიაში, მათ შორის იგი იბრძოდა ავღანეთშიც, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე იგი ცხოვრობდა სწორედ იმ კორპუსში, სადაც შემთხვევა მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ის ცხოვრობდა მარტო, თუმცა შემთხვევის დროს იმყოფებოდა შვილთან ერთად, რომელმაც თავდამსხმელი მამისგან შეძლო თავის დაღწევა. იგი ახლა სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.