1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პანტიკო თორდიას “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა
პანტიკო თორდიას “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა

პანტიკო თორდიას “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა

352
0

“ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

“დღეს ზუგდიდისთვის აღმატებული დღეა, პირველად დაარსდა ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. დღევანდელი დღე არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდისთვის ის მომავალში იქცევა ულამაზეს ტრადიციად.  

დღეს, ასევე დიდი მადლიერებისა და უდიდესი სიყვარულის დღეცაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ჩვენი ქალაქის წინაშე. თითოეული კანდიდატის უკან დგას საოცარი ისტორია, საოცარი შრომა, კეთილსინდისიერება, თავდადება და სიყვარული, როგორც ზუგდიდის, ასევე მთელი ქვეყნის მიმართ. ეს ადამიანები გახლავთ ნათელი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი და ქვეყნის კეთილი მსახური. დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის,“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ სიტყვით გამოსვლისას.

“ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა:

პანტიკო თორდიას – 2000-2013 წლებში “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორს, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებათა  პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ღირსების ორდენოსანს. ადამიანს, რომლის თაოსნობითაც “თბილავიამშენში” დაიწყო მოიერიშე თვითმფრინავებისა და მართვადი რეკეტების სერიული წარმოება, ინჟინერ-მექანიკოსს, ავიამშენებელს, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატს, არაერთი გამოგონების ავტორსა და თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორს.

პანტიკო თორდიასთან ერთად ჯილდო გადაეცა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ გერასიმეს – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ეპარქიაში შემავალი სამონასტრო კომპლექსების გადარჩენითი ხასიათის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზატორს, არაერთ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის რელიგიური დღესასწაულების ტრადიციების აღმდგენს, რომლის მაგალითია ზუგდიდში ვლაქერნობის სახალხო-რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომელმაც უკვე საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. ადამიანს, რომელმაც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და თავისი პროგრესული შეხედულებებით მუდმივად ცდილობს ეპარქიის ცხოვრებაში სიახლეების დანერგვას. ასევე, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას, მის ტურისტულ ცენტრად ქცევას. სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი გერასიმე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე. მეუფე გერასიმე დაჯილდოებულია საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.

რაულ ჩილაჩავას – პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრს, ქართულ, უკრაინულ ლატვიურ ენებზე ათეულობით წიგნის და თარგმანების ავტორს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელს.

“საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა:

ლილი ბერაიას – ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს, დადიანების სასახლეებსა და იქ დავანებულ სიწმინდეებზე არაერთი წიგნის ავტორს, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, იტალიისა და ამერიკის საელჩოების მადლობის სიგელების მფლობელს. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს-წმინდა გიორგის ოქროს ორდენოსანს.

ზაურ ბულიას – ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს″, ქალაქ ვილნიუსის საფეხბურთო კლუბ ,,სპარტაკის″, ქალაქ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს″ მოთამაშეს, 1990 წელს ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ,,ოლიმპი“ დამფუძნებელსა და მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს.

ზაურ შეროზიას – დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს, ჯანდაცვის ფრიადოსნის სამკერდე ნიშნისა და შრომის ვეტერანის მედლების მფლობელს.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა:

“დღეს ჩვენი ქალაქის – “ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა” და “საპატიო ზუგდიდელის ტიტული” 6 განსაკუთრებულ მოქალაქეს მიენიჭა. მათი ღვაწლი სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელოვანესია. მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნისა და ზუგდიდის მსახურებისთვის. მიხარია, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითოეულ ამ ადამიანთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება მაქვს – ზოგიერთთან უფრო მეტი, ზოგიერთთან ნაკლები. მიხრია, რომ ასეთი ხალხი ჩვენს ქალაქს ჰყავს და მას კიდევ უფრო ძლიერს ხდის,”– წერს ირაკლი ჩიქოვანი.