ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.
„დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, უფრო სწორად სპეცოპერაციის ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება მოხდა.
შეხვედრის მთავარი მზიანია, წარვადგინოთ ყველა მტკიცებულება იმ სისტემურ, დანაშაულებრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის ტოტალური დარღვევა და ის რომ, მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი მოახდინეს. გარდა ამისა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ვითხოვთ, არჩევნები უკვე უნდა გაუქმდეს ამ ტოტალური კონტროლის სისტემის აწყობიდან გამომდინარე. უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ ყველა ის სქემა, რომელიც ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს, სისტემურად გამოვლინდეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.