1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 323-ე – რა ხდება უკრაინაში
ომის 323-ე – რა ხდება უკრაინაში

ომის 323-ე – რა ხდება უკრაინაში

439
0

ომის 323-ე დღე. აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ქალაქი სოლედარი რჩება. კრემლის პროპაგანდისტების მტკიცებით, „ვაგნერის“ დაჯგუფებამ ქალაქზე კონტროლის დამყარება უკვე შეძლო, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლები ქალაქს ამ დრომდე იცავენ და მტერი ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგებს განიცდის. ფრონტზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ტრადიციულ ღამის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმაც.

უკრაინული და რუსული მხარეები უკრაინის ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი დაიკავეს რუსმა სამხედროებმა და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, თუმცა იქვე პრიგოჟინი ამბობს, რომ ბრძოლები გრძელდება.

თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.

ტელეკომპანია „სიენენი“ სოლედარში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის.

სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ქალაქ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უტევენ.

 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, სოლედარში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ახლა 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

კირილენკომ აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც სოლედარიდან წასვლა ყველაზე „ცხელ“ პერიოდამდე სურდა, ამის საშუალება ჰქონდა. ამჟამად კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხო ევაკუაცია შეუძლებელია.

“ამჟამად სოლედარში 523 ადამიანი იმყოფება. ზოგიერთმა მათგანმა ახლა გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო. სანამ ქალაქში უსაფრთხოდ შესვლა და ქალაქიდან უსაფრთხოდ გამოსვლა არ იქნება შესაძლებელი, ევაკუაცია არ განხორციელდება“, – განაცხადა კირილენკომ.

მისი თქმით, სოლედარში დარჩენილი მოქალაქეები სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ, რადგან ქალაქში არც ერთი შენობა არ არის გადარჩენილი.